logo
ENG



"არ არის საჭირო თქვენი ჩარევა” - კამათი რიონის ხეობის მცველებსა და ფალავანდიშვილებს შორის

27 მაი 202110:18
3 წუთის საკითხავი
clock 5517

სოფელ გუმათში რიონის ხეობის მცველს, მაკა სულაძესა და ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრებს, ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მაკა სულაძემ ფალავანდიშვილებს მიმართა, რომ არავის აქვს უფლება ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს რამე მიუთითოს. 

მაკა სულაძის თქმით, ფალავანდიშვილების ჩარევა ამ საკითხში საჭირო არ არის. 

"მე მასწავლით ქრისტიანობას და ჯვარს როდის გადავდებ გვერდით და როდის დავიჭერთ ხელში? ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა. თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი ინებეთ და დადექით ჯარისკაცად და ჩვენ თვითონ მივუთითებთ აქ ვის რა გავუკეთოთ, თქვენთვის არ დაგვივალებია. არ მოგვეწონება? შემოვა ის თავისი ნიშნით, თავისი დროშით და თავისი იდეოლოგიას თუ მოახვევს თავზე, საკმარისი ძალა გვყავს, რომ მივლენ ბიჭები... არ არის საჭირო თქვენი ჩარევა", - მიმართა სულაძემ ფალავანდიშვილებს

24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მისულ აქტივისტებს, სალომე ბარკერს და ზუკა ბერძენიშვილს, გურამ ფალავანდიშვილის შვილმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

თავდასხმის მიზეზი ცისარტყელას ფერებში გაფორმებული სამკლაური გახდა, რომელიც სალომე ბარკერს ეკეთა და რომელიც თავდამსხმელთა განცხადებით, პროვოკაციული იყო. შსს-მ  აქციის მიმდებარე ტერიტორიას სწორედ სამოქალაქო აქტივისტები განარიდა.

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე დღის განმავლობაში დედაქალაქში იმართებოდა. 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. გუშინ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს

close დახურვა