logo
ENG

ყველა ეკლესიას თავის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყის საკუთრებაში მიღება შეეძლება - პარლამენტში ახალი კანონპროექტი შევიდა

14 თებ 202020:34
3 წუთის საკითხავი
clock 465

ყველა ეკლესიას თავის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყის საკუთრებაში მიღება შეეძლება - ასეთ ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა. "ტყის კოდექსში" შეტანილი შესწორებების შემდეგ, მართლმადიდებელ ეკლესიას საშუალება ექნება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

ჩანაწერი, რომელიც ტყის კოდექსში გაჩნდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძალაუფლებას კიდევ უფრო ზრდის, თანაც წინასაარჩევნოდ. ამ ჩანაწერით, ყველა ეკლესიას შეუძლია თავის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე შემოიერთოს და კერძო საკუთრებად გააფორმოს.  „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტისთვის“ ეს საპატრიარქოსთვის მინიჭებული დამატებითი ფინანსური და მატერიალური პრივილეგიაა, რაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საპატრიარქოს კაპიტალი ისედაც მუდმივად მზარდია. 

კანონპროექტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა. ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. „ქონების შესახებ კანონით“ საპატრიარქოს ეკლესიების გარშემო არსებული ტყით  სარგებლობა და დაკანონება შეეძლო, მაგრამ არ იყო გაწერილი პროცედურა და ამიტომ ამას ვერ ახერხებდა. ახალი ცვლილებით კი მართლმადიდებელ ეკლესიას ათასობით ჰექტარი ტყის დასაკუთრება გაუმარტივდა.

მიუხედავად იმისა, რომ საკითხი, მთავრობის ცნობით, ეკლესიასთან შეთანხმდა, საპატრიარქოს პრესსპიკერი ამბობს, რომ მიწების გადაცემის ახალ ფორმაზე არაფერი იცის. გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელისთვის კი ჩანაწერი თანასწორობის პრინციპს არ ეწინააღმდეგება, უფრო მეტიც - უმნიშვნელოა და სხვა საკითხებზე კონცენტრირებას გვირჩევს.

ისეთ სეკულალურ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, ტყის დაკანონების ახალი წესი რელიგიური თანასწორობის იდეასაც ეწინააღმდეგება. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტისთვის  მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება ხელს უწყობს სხვა რელიგიების დისკრიმინაციას და რეგიონებში დაპირისპირების საფრთხესაც აჩენს. 

საპატრიარქო უკვე ფლობს დაახლოებით 63 კვადრატულ კილომეტრზე მეტ მიწას, რაც თითქმის ქალაქ ბათუმის ფართობს უტოლდება. ამ მიწების თითქმის 100% საპატრიარქომ სახელმწიფოსა და კერძო პირებისგან საკუთრებაში და დროებით სამართავად უსასყიდლოდ მიიღო. მხოლოდ 2019 წელს კი ეკლესიამ ხელისუფლებას 21 მიწის ნაკვეთი გადასცა.  არასამთავრობოები დარწმუნებულები არიან, რომ მთავრობა საპატრიარქოს ჰექტრობით მიწებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გაუფორმებს.


close დახურვა