logo
ENG



"ესაა პოლიტიკური დევნა ოლიგარქიის მხრიდან" - რურუას განაჩენი ხვალ 11 საათზე გამოცხადდება

29 ივლ 202019:27
3 წუთის საკითხავი
clock 736
l3ie1v5qjot7lkx.jpg

„ვინც ოლიგარქის წინააღმდეგ სიტყვით გამოვდივართ, ვართ პოლიტიკური დევნის მაგალითები“, - თქვა მთავარი არხის მეწილემ გიორგი რურუამ სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი რურუას განაჩენი ხვალ 11:00 საათზე გამოცხადდება.

რურუას თქმით, ხელისუფლება მის მიმართ პოლიტიკურ დევნას იმიტომ აწარმოებს, რომ არის მთავარი არხის მეწილე, აქტიურად უჭერდა მხარს ანტისაოკუპაციო მოძრაობას და ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავდა მთავრობის მისამართით.

„ვინც ოლიგარქის წინააღმდეგ სიტყვით გამოვდივართ, ვართ პოლიტიკური დევნის მაგალითები. ჩვენ წინააღმდეგ გააყალბეს მტკიცებულებები. საბჭოთა პროპაგანდის კლასიკური გაგებით, საბჭოთა პრესის ოფიცრების ხელით, რამიშვილს ვგულისხმობ და მის სამეგობროს, ცდილობდნენ ჩვენი სახელების გატეხვას.

ჩემი წინასწარვე დამნაშავედ გამოცხადება, რომელიც ოლიგარქიული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებიდან ვრცელდება, არღვევს ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება მას. ეს არის პოლიტიკური დევნა ოლიგარქიის მხრიდან.

მიზეზი, თუ რატომ მოვხვდი მე ხელისუფლების მიზანში, არის მთავარი არხის აქტივის შეძენა, ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობის მხარდაჭერა და მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება ზონდერი მთავრობის მიმართ. 

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ გვინდა რუსეთის ჩრდილში ყოფნა. სწორედ ამ ჩრდილში ყოფნას უშლის ხელს თავისუფალი მედია.  

დღევანდელი მთავრობის პოლიტიკა - ეს არის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების გაცურების, მოტყუების პოლიტიკა. ჩვენს მეგობარ ელჩებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო 8 მარტის ისტორიულო დოკუმენტის მიღებაში გაწეული სამუშაოსათვის. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს“, - განაცხადა რურუამ.

მიმდინარე სასამართლო პროცესს  რურუამ "ცინიკური ფარსი" უწოდა. მისივე თქმით, ყველა სამართლებრივი პროცედურა უხეშადაა დარღვეული.

„მინდა შევეხო სასამართლო პროცესს, რომელიც ცინიკური ფარსია. მე არ მქონდა სასამართლოზე მტკიცებულებების წარმოდგენის უფლება, რაც ჩემ უდანაშაულობას დაამტკიცებდა, მე არ მქონდა ადვოკატის დასწრების უფლება, ჩხრეკის დროსაც კი, რაც რეალურად არ ჩატარებულა, თუმცა სამართლებრივად ეს უფლება ჩამომართვეს. 

ოლიგარქიულმა სასამართლომ არაფრად ჩააგდო მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებული პრეცედენტები სამართალწარმოებაში. ყველა სამართლებრივი პროცედურა, რაც ჩვენი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსშია, უხეშადაა დარღვეული. 

მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ და ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული ყველა ბრალდება აბსურდულია“, - განაცხადა გიორგი რურუამ. 

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა "სირცხვილიას" ფინანსურად ეხმარებოდა, გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის ბრალდებას დაემატა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისთვის ხელის შეშლა. რურუა ბრალს არ აღიარებს.

გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია. 

"ქართული ოცნება" შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს, თუმცა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი. 

რურუას გათავისუფლებისკენ ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და მაღალჩინოსნებმა.

 

 


close დახურვა