logo
ENG



"თქვენ ხართ რეგვენი" - ჯანეზაშვილმა და შენგელიამ "ნათესაური კავშირების" თაობაზე იკამათეს

04 აგვ 202017:44
3 წუთის საკითხავი
clock 825

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და მოსამართლე წევრი ირაკლი შენგელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

სიტყვით გამოსვლისას შენგელიამ თქვა, რომ აბსოლუტურად სიცრუეა ჯანეზაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ანა დოლიძის ნაცვლად პრეზიდენტის მიერ საბჭოში დანიშნული თამარ ღვამიჩავა მისი ახლო ნათესავია.

"აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს მე და თამარ ღვამიჩავა ახლო ნათესავები ვართ და ერთმანეთთან ახლო ურთიერთობაში ვართ, ჩვენ გვყავს საერთო წინაპარი, მაგრამ შემიძლია დავადასტურო ისიც, რომ ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ქალბატონი თამარი უნდა მენახა ან ჭირში, ნათესავებში, ან ლხინში, მე არ მინახია ის. იმასაც ვადასტურებ, რომ ის ჩემი ახლო ნათესავი არ არის, მაგრამ მე სამი წელი ვმალავდი და ხმას არ ვიღებდი ამაზე - ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილი ჩემი ნათესავია", - განაცხადა შენგელიამ.

მისი თქმით, ჯანეზაშვილს შეგნებულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაციას ეწევა. მან ჯანეზაშვილს  არაკვალიფიციური ადამიანი უწოდა. მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ ჯანეზაშვილისნაირი ადამიანი ამოწმებს მოსამართლეებს და მათ შორის წარადგენს უზენაეს სასამართლოში.

ნაზი ჯანეზაშვილმა თქვა, რომ შენგელიასთან ნათესაური კავშირი არ აქვს.

"თქვენ ბრძანდებით რეგვენი, თქვენ არ იცით, სად რა უნდა ილაპარაკოთ. საზოგადოებისთვის განვმარტავ, მე მყავს ბიძაშვილი - დედის ძმისშვილი, რომლის მეუღლეც არის ირაკლი შენგელიას ბიძაშვილი. ანუ აქ ნათესაური კავშირი არ არის. ბატონო ირაკლი, მე თქვენ არასდროს მინახიხართ, არასდროს ჩემი ბიძაშვილის მეუღლის ოჯახში არ მინახიხართ, არასდროს გარდა ერთი შემთხვევისა, როცა ჩემი ბიძაშვილის ცოლს გარდაეცვალა მამა და ვიყავი პანაშვიდზე. იქამდე თქვენ არასდროს მინახიხართ, უარეს ვიტყვი, თქვენ მომიგზავნეთ ნათესავები, რომ მე გავჩუმებულიყავი. თქვენ არ ხართ ჩემი ნათესავი", - თქვა ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, როცა ანა დოლიძე საქმიანობით კანონს არღვევდა და სასამართლოს დამოუკიდებლობას ადგებოდა ზიანი, მან ხმა ამოიღო და ამის გამო მეგობარი დაკარგა, "იუსტიციის საბჭოს წევრები კი "კომუნისტებივით ერთიანები არიან" და არასდროს გაუკრიტიკებიათ ერთმანეთი".

 


close დახურვა