logo
ENG



აბესაძე: ხელისუფლება კრიმინალურ ავტორიტეტებს პოლიტიკურ პარტნიორებად იყენებს

27 ივნ 202012:47
3 წუთის საკითხავი
clock 435

რა დასკვნები გაკეთდა და რა გაკვეთილი მიიღეს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ხორავას ქუჩის ტრაგედიიის შემდეგ? ოპოზიცია გიორგი შაქარაშვილის საქმეს სისტემურ პრობლემას უკავშირებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ კრიმინალური ავტორიტეტის არსებობა საქართველოში ხელისუფლების მიდგომების შედეგია. აბესაძის თქმით, მმართველი გუნდი არჩევნებში კრიმინალური ავტორიტეტის მქონე ადამიანებს იყენებს. მისი თქმით, სწორედ ასეთი მიდგომებით ხდება დანაშაულის წახალისება.

„ზოგადად თუ ვისაუბრებთ საქართველოში არსებულ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, ხელისუფლების თანამშრომლობაზე კრიმინალთან და კრიმინალურ ავტორიტეტის მქონე ადამიანებთან, რომლებსაც ხშირად თავის პოლიტიკურ პარტნიორად იყენებს, მათ შორის არჩევნებში - მოახლოებულ არჩევნებშიც ეცდებიან, რომ ასეთი აზროვნების მქონე ადამიანები გამოიყენონ. ეს, რა თქმა უნდა, შემდგომ იმ ქუჩური გარჩევების წახალისებაა, რომლებიც მთავრდება ასეთი ტრაგიკული შემთხვევებით. მათ შორის ხელისუფლების ამ მიდგომის მძიმე შედეგებია, როდესაც ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდებს, რომლებიც პოლიციასთან თანამშრომლობის ნაცვლად ცდილობენ სხვადასხვა კრიმინალური ავტორიტეტის, ან უბნის ავტორიტეტის ჩარევით მოაგვარონ მსგავსი საკითხი“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე საუბრობს, „ნაციონალური მოძრაობაც“. პარტიაში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში ახალგაზრდებს შორის ძალადობა გახშირებულია და ეს „ქართული ოცნების“ ხელშწყობით ხდება.

„ჩვენს ქვეყანაში ზოგადად ვხედავთ, რომ ძალიან გახშირდა ახალგაზრდებს შორის ძალადობა და ეს არის სისტემური პრობლემა. ეს აჩვენებს, რომ სოციალური გარემო არის ამის ხელშემწყობი და ამას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკა, რომელიც უნდა განახორციელოს სახელმწიფომ. თუმცა მე ეს ზოგადად არ მიკვირს. ჩვენ ვხედავთ, რომ უკანასკნელ წლებში, მათ შორის „ქართული ოცნების“ ხელშეწყობით მოხდა კრიმინალური მენტალიტეტის აღზევება და ამას, რა თქმა უნდა, თავის შედეგები მოაქვს, მათ შორის ჩვენი ახალგაზრდებისთვის“, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

4 დღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს. საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით. 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე 17 პირია დაკავებული. ერთ-ერთ დაკავებულ პირს, არჩილ გაგნიძეს ბრალი დღეს წარედგინა.


close დახურვა