logo

ადვოკატის მტკიცებით, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ბაჩალიაშვილს დავალებებს აძლევდა

clock 9 clock 1898 clock 21 სექ 202017:27
ადვოკატის მტკიცებით, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ბაჩალიაშვილს დავალებებს აძლევდა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი საქმის ახალ ფიგურანტზე ლაპარაკობს.

რამიშვილის თქმით, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც მას თავად დაუკავშირდა და უთხრა, რომ ბაჩალიაშვილს პირადად აძლევდა დავალებებს.

ადვოკატის მტკიცებით, მან გამოკითხა სუს-ის ეს თანამშრომელი და პროკურატურას სწორედ ამ ე.წ. ოქმს წარუდგენს.

"3 აგვისტოს დამიკავშირდა სუს-ის თანამშრომელი, რომელიც პირადად დეტალურად აღწერს, როგორი ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან, როგორ გადასცემდა რამდენიმე წლის წინ ფლეშკებს,  მიუთითებს გვარს და სახელებს, რაც წერია ამ გამოკითხვის ოქმში. ამ თანამშრომლის სახელს და გვარს და სხვა ინფორმაციას მე მივაწვდი გამოძიებას". - თქვა რამიშვილმა.

მისივე თქმით, ეს ადამიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "მუშაობდა იმ მიმართულებით, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერებთან, პროგრამებთან".

პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ფარგლებში მტკიცებულებების ფალსიკიფაციიის საქმესაც იძიებს. საქმე სატელიტით გადაღებულ ფოტოებს ეხება, რომელიც მიხეილ რამიშვილმა გაავრცელა. ადვოკატის მტკიცებით, ფოტოები ადასტურებდა, რომ 19 და 20 ივლისს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მისი აღმოჩენის ადგილას არ იდგა.

18 სექტემბერს პროკურატურამ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ფოტომასალა დამონტაჟებული და გაყალბებული იყო.

მიხეილ რამიშვილმა თქვა, რომ მას ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. ფურცხვანიძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს. დაკითხვის შემდეგ პროკურორმა განაცხადა, რომ ფურცხვანიძემ ფოტომასალის მიმწოდებელი წყაროს ვინაობა კვლავ ვერ დაასახელა. მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება მიხეილ რამიშვილიც.

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 19 ივლისს დაიკარგა. 23 ივლისს ის თეთრიწყაროს სოფელ მაწევანთან, ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების მტკიცებით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა