logo
ENG



აკაკი ცომაია: აბსურდი იყო 9 პროდუქტზე სუბსიდირების გამოყენება, ეს იყო აბსოლიტური სიბეცე

03 ივნ 202017:35
3 წუთის საკითხავი
clock 779

ბოლო პერიოდში მოსახლეობას ცხოვრება კიდევ უფრო გაუძვირდა. ფასები განსაკუთრებით გაზრდილია სურსათზე. მაისში წლიური ინფლაციის დონემ 6.5% შეადგინა. საქსტატის ახალი მონაცემებით, ფასების ზრდა ყველაზე მკვეთრი სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაშია.

ეკონომიკური სიბეცე - სწორედ ასე აფასებენ ეკონომიკის ექსპერტები იმ ზომებს, რომელიც ხელისუფლებამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გადადგა და სამომხმარებლო კალათაში შემავალი 9 პროდუქტი დაასუბსიდირა

„მსოფლიო ბაზარზე, როდესაც ფასების გლობალური კლება გვაქვს, ფასების დონის მატება რ უნდა ყოფილიყო აქ. იმიტომ, რომ მოთხოვნა და მოხმარება აქაც მცირდება. ინფლაცია უფრო მეტად მიწოდების შემცირებით არის გამოწვეული. ეს რომ ეკონომიკის ცოდნასთან არ არის დაკავშირებული ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები, ამის თქმა ცალსახად შეიძლება. აბსურდი იყო 9 პროდუქტზე სუბსიდირების გამოყენება. ეს იყო აბსოლიტური სიბეცე“, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია.  

„საზოგადოება და ბანკების“ წარმომადგენელი გიორგი კეპულაძე კი აცხადებს, რომ მოსახლეობისთვის ფასების ცვლილება განსაკუთრებით პროდუქტზე შეინიშნება.

„იმან, რომ მიწოდების ჯაჭვები სხვა და სხვა პროდუქციის, მათ შორის იმპორტი იყო პრობლემური, ფასების შემცირება ვერ მოხდა და გარკვეულ პროდუქტზე პირიქით გაიზარდა მოთხოვნა და ფასები. რამაც სამწუხაროდ განაპირობა ის, რომ პირობითად საშუალოდ თუ 6,5% არის ინფლაცია, სურსათზე ფასები გაცილებით მეტად არის გაძვირებული და მოსახლეობის უმეტესობისთვის ყველზე მეტად მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა არის სურსათი და მედიკამენტები. თუ საშუალო ინფლაცია 6,5%-ია, რეალური ადამიანებისთვის ეს შეიძლება იყოს  20 %“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ

ქვეყანაში ფასების ზრდას ოპოზიციის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ. მათი თქმით, მთავრობას მეტი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ მოსახლეობას ინფლაცია და ფასების მატება მძიმე ტვირთად არ დასწოლოდა. საქსტატის ახალ მონაცემებს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ და აცხადებენ, რომ საკითხის მოსაგვარებლად აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს.

გაძვირებულია ხილი, რძე, კვერცხი, თევზეული. ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის კატეგორიაში ფასები 8.3%-ით გაიზარდა, ხოლო ჯანდაცვაში ფასები 6.1%-ით არის გაზრდილი. 


close დახურვა