logo
ENG



ამბები, რომლებიც დღეს უნდა იცოდე: 01.06.2020

01 ივნ 202009:20
3 წუთის საკითხავი
clock 1218
sd9279oq6ypxk6l.jpg

 

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 1-ლი ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს.


დღეიდან საქართველოში უფრო მეტი შეზღუდვა იხსნება


დღეიდან შეზღუდვები კიდევ უფრო მსუბუქდება - ღია სივრცის რესტორნები, ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის, სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას დღეიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. სავაჭრო და კვების ობიექტებში მოქალაქეებს სპეციალური წესების დაცვა მოუწევთ. სავაჭრო ცენტრებში მათ თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ. სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. სავაჭრო ობიექტებში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციების დასაცავად მზად არიან.

 

წერილი ვიოლა ვონ კრამონს


"კავკასიური სახლი" ევროპარლამენტარს დიპლომატიურ ტონს უწუნებს. „ქართული ოცნების“ ლობისტი კომპანია ვიოლა ვონ კრამონს კიდევ ერთ წერილს უგზავნის, სადაც ორგანიზაციას პრეტენზიები აქვს იმ ძალისხმევასთან დაკავშირებით, რაც  ევროპარლამენტარს ყოფილი მაღალჩინოსნების გათავისუფლების საკითხში მიუძღვის.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ფაშინიანმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. 

 

 

როგორც სომხეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორონავირუსი მისი ოჯახის წევრებსაც დაუდასტურდათ.

 

აშშ-ში მასშტაბური აქციები გრძელდება

 

მწვავე საპროტესტი აქციიის მეოთხე დღე. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას  ათასობით ადამიანი აპროტესტებს. შეტაკებები იყო ნიუ-იორკსა და მინეაპოლისში.   ქალაქში, საიდანაც საპროტესტო მოძრაობა დაიწყო  ეროვნული გვარდიაა მობილიზებული.

არეულობა იყო ბოსტონშიც, სადაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.​ პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა აქციას ვაშინგტონშიც,  სადაც რამდნიმე ასეული ადამიანი სამართალდამცველების მიერ გადამეტებული ძალის​ გამოყენების გასაპროტესტებლად, თეთრ სახლთან შეიკრიბა. ​ფილადელფიის ქუჩებში კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ორმოცამდე დიდ ქალაქში,  პროტესტი ძალადობრივ ქმედებებში და მასშტაბურ ძარცვაში გადაიზარდა.

 

1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა


1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღინიშნება. Ეს დღე პირველად 1949 წელს აღინიშნა.

ეს დღე საზოგადოებისთვის შემახსენებელია, რომ აუცილებელია ბავშვთა უფლებები იყოს დაცული, რომ ბავშვები იზრდებოდნენ  ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში, მიიღონ სრულფასოვანი განათლება, შეძლონ აირჩიონ პროფესია და საყვარელი საქმიანობა და ყველა ბავშვს ჰქონდეს უფლება, თავი იგრძნოს საზოგადოების სრულფასოვან წევრად.

 

via GIPHY

 

ხორავას ქუჩის საქმე


თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება. დაცვის მხარე პირველ ინსტანციაზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულების ხელახალ გამოკვლევას მოითხოვს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ კალანდიას დისტანციური მონაწილეობით მსჯავრდებულის მიმართ უშუალობის პრინციპი ირღვევა. ზურაბ თოდუას განცხადებით, მიხეილ კალანდიასთან უშუალო კომუნიკაციის საშუალება არ ეძლევა, რის გამოც, მათი საუბარი ხელმისაწვდომია როგორც მოწინააღმდეგე მხარისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის და სასამართლოსთვის. 

 

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი


გიორგი რურუას საქმე საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღეს სხდომაზე საქმის გამომძიებელი ზურაბ ბერუაშვილი და ექსპერტები დაიკითხებიან. მთავარი არხის მეწილის ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილის თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გამოაშკარავდება პოლიციელთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რაც რურუასთვის იარაღის ჩადებას გულისხმობს. ამასთან, მისი თქმით, გიორგი რურუა მხოლოდ იმიტომაა პატიმრობაში, რომ ის მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ანტისაოკუპაციო აქციების აქტიური მონაწილეა.

 

COVID-19 საქართველოში


794 ინფიცირებული, მათგან 624 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 262 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3 031 პირი.

 

 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6  მილიონ 200 ათასს გადააჭარბა. მათგან, ვირუსი უკვე 2.8 მილიონზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 373 ათასს აჭარბებს.


via GIPHY

ბრაზილიაში ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ იზრდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში აქ ვირუსს 480-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა და 16 000-ზე მეტი დაინფიცირდა. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა უკვე 513 ათასს აღწევს, მათგან 200 ათასზე მეტი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

 


close დახურვა