logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 02.06.2020

02 ივნ 202009:17
3 წუთის საკითხავი
clock 1113
j9uai8flb5gi9u7.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 2 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

ძლიერი აფეთქება თბილისში

გაზგასამართი სადგურის აფეთქების დროს დაშავებული დამწვრობის ცენტრში იმყოფება. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაშავებულს სხეულის 25 პროცენტი დამწვარი აქვს, ასევე სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება. დაზარალებული მამაკაცი კლინიკაში შეყვანისას კონტაქტური იყო.

 გაზგასამართი სადგური ამაშუკელის ქუჩაზე გუშინ ღამით აფეთქდა. მომხდარის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა და დაზიანდა ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსები. ტერიტორიაზე ინციდენტიც მოხდა, სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს, რომელსაც შემთხვევის ადგილას შესვლა სურდა. ფორმულა ნიუსს ადგილზე მოსახლეობამ განუცხადა, რომ ისინი უკვე დიდი ხანია, რაც გაზგასამართი სადგურის გაუქმებას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.  

 

სახელმწიფო ვალი გაიზარდა

ეკონომიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეკონომიკური ვარდნა მოსალოდნელზე დიდი იქნება. ბიუჯეტში შემოსავლები იკლებს, ვალი კი იმატებს. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2020 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 4%-იან შემცირებაა მოსალოდნელი. ამავე დოკუმენტით, საგარეო ვალი 2020 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 58%-ს მიაღწევს. 2020 წელსვე წლიური ინფლაცია მიზნობრივზე მაღალი იქნება. ექსპერტებს ახალი სესხების პირობები აინტერესებთ და მთავრობის მიერ ბიუჯეტის წარდგენას ელიან. 

via GIPHY


ქვეყანაში ეკონომიკური სექტორის ამოქმედების მიუხედავად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები კვლავ დახურულია. „ნაციონალურ მოძრაობაში" ფაქტს კორუფციად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ ამას მთავრობა ბანკების სასიკეთოდ აკეთებს. რომან გოცირიძის განცხადებით, ცუდი კურსით ვალუტის კონვერტაციითა და ბიზნესის წართმევით, მთავრობის მფარველობის ქვეშ მყოფი ადამიანები მილიონებს აკეთებენ. როგორც ცნობილია, ვალუტის გადამცვლელ სექტორის 1000-მდე ობიექტზე 4 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 

 


ბავშვების დაუცველი უფლებები

არასამთავრობო ორგანიზაცია „საია"-ში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ბავშვთა უფლებები სათანადოდ არ არის დაცული . მესამე სექტორში ამტკიცებენ, რომ „ბავშვთა კოდექსის" შემუშავების მიუხედავად, პრობლემად რჩება კოდექსის ამუშავების კონკრეტული ვადა. "საია" მოუწოდებს სახელმწიფოს დროულად აამოქმედოს ბავშვთა კოდექსი. ამის გარდა ურჩევს COVID-19 ის შედეგად დაზარალებული არასრულწლოვნებისთვის მხარდამჭერი პროგრამები შეიმუშაოს.

მესამე სექტორი ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანთა ჩართულობაზე აზარტულ თამაშებში და ხელისუფლებას მოუწოდებს კონტროლის მექანიზმი გაამკაცროს. EMC-ში ფიქრობენ, რომ აუცილებელია აზარტული თამაშების მკაცრი რეგულირების მექანიზმების შემუშავება. მესამე სექტორში საგანგაშოდ აფასებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას. რომლის თანახმად ბოლო წლის მონაცემებით 15 წლამდე მოზარდთა 27 პროცენტს ერთხელ მაინც უთამაშია აზარტული თამაში. 


ენგურის ხიდი ისევ ჩაიკეტა

მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვარი ისევ ჩაიკეტა. გადაწყვეტილება დე ფაქტო რეჟიმმა მიიღო. როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, ე.წ საზღვრის გახსნის შემდეგ ექვსი დღის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნება 532-მა ადამიანმა შეძლო. Ე.წ საზღვარი მდინარე ენგურზე 14 მარტსაც ჩაიკეტა და 26 მაისამდე არ გახსნილა. პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი საოკუპაციო ძალებმა 15 ივნისამდე გააგრძელა.

 

მთავრობის დაპირება მეღვინეებს

მთავრობა ღვინის კომპანიებს პანდემიით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა. პრემიერ მინისტრმა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც გადაწყდა, რომ შეღავათიანი აგროპროექტის პროგრამა გაფართოვდება და ღვინის ინდუსტრიასაც მოიცავს. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს პანდემიის გამო მეღვინეობის სექტორში შექმნილი ვითარება და ის ზარალი, რომელიც კომპანიებმა ამ დროის განმავლობაში მიიღეს.

via GIPHY

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

794 ინფიცირებული, მათგან 624 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 300 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2508 პირი. 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონ 370 ათასს გადააჭარბა. მათგან, ვირუსი უკვე 2.9 მილიონზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 377 ათასზე მეტია.

ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება ბრაზილიაში. ბოლო 24 საათის განმავლობაში აქ ვირუსს 732 მოქალაქე ემსხვერპლა და 14 500-ზე მეტი დაინფიცირდა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა უკვე 530 ათასს აღწევს, მათგან 211 ათასზე მეტი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

 

ტრამპი დემონსტრანტებს ჯარით დაემუქრა

„თუ გუბერნატორები და მერები საკუთარი მოქალაქეების დასაცავად საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე უარს იტყვიან, მაშინ სამხედრო ძალას გამოვიყენებ.“ ეს განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გამოცემა „ნიუ იორკ ტაიმსი" წერს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დისტანციური კომუნიკაციისას შტატის მმართველებს „სუსტები" უწოდა და მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდა. 

ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა ნიუ-იორკის გუბერნატორი. ენდიუ კუომომ განმარტა, რომ საპროტესტო აქციების ჩასახშობად სამხედროების მობილიზება გაუმართლებელია, რადგან დემონსტრანტებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. თეთრ სახლში გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპი ვაშინგტონში მდებარე წმინდა იოანეს ტაძრისკენ , ბიბლიით ხელში გაემართა და თქვა, რომ მისი მოვალეობა ქვეყნისა და ამერიკელი ხალხის დაცვაა. 

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას უკვე სამედიცინო ექსპერტიზა ადასტურებს. ირკვევა, რომ 46 წლის აფროამერიკელი კაცის სიკვდილი კისრის არეში დაწოლამ და გულის გაჩერებამ გამოიწვია. მანამდე მოკლულის ოჯახის წევრებმა კერძო სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებიც გასააჯაროვეს, სადაც ეწერა, რომ ფლოიდი ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა, რაც კისრისა და ზურგის არეში დაწოლამ გამოიწვია.

 


close დახურვა