logo

ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 22.05.2020

clock 22 მაი 202009:18
b7t1xzwdy3csja2.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 22 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.


ქვეყანაში დღეს საგანგებო მდგომარეობის ბოლო დღეა

ღამის 12:00 საათიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობასთან ერთად „კომენდანტის საათიც” დასრულდება და მოქალაქეებს როგორც ფეხით, ასევე ავტომობილით გადაადგილება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლებათ. თუმცა, ძალაში რჩება გარკვეული რეგულაციები, მათ შორის ავტომანქანით სამი კაცის გადაადგილების შეზღუდვა. ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო „კომენდანტის საათი” 31 მარტიდან მოქმედებს, საგანგებო მდგომარეობა კი 21 მარტს გამოცხადდა. 

 

შეზღუდვების კანონპროექტი პირველი მოსმენით დამტკიცდა

80 მომხრე და 3 წინააღმდეგი - დიმიტრი ხუნდაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის" შესახებ კანონში ცვლილებები ხელისუფლებისთვის საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შეზღუდვების დაწესების უფლებას გულისხმობს. 

სხდომაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ ის ნორმები, რომლებიც კანონპროექტით დგინდება, იყოს დროებითი და გარდამავალ დებულებებში ვადა 15 ივლისამდე ჩაიწეროს. დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ ვადის საკითხზე კონსულტაციებს გამართავენ, ინიციატივას მხარი სწორედ ამ დათქმით დაუჭირეს.

ირაკლი კობახიძის მიერ ე.წ. ჩამკეტი თარიღის დადგენა მისაღებია ოპოზიციის ნაწილისთვის. ნაციონალი მოძრაობა კანონპროექტს სავარაუდოდ აღარ გაასაჩივრებს. როგორც თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ბრძოლამ შედეგი გამოიღო. „ევროპული საქართველოს" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი კი ცვლილებებს კვლავ არაკონსტიტუციურს უწოდებს. 

 

ადამ კინზინგერის განცხადებები 

„ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, საკმარისია იმისთვის რომ ქვეყანა ნატოში მივიღოთ” - ეს განცხადება შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმა"-სთან ინტერვიუში გააკეთა. რესპუბლიკელი კონგრესმენმა მსოფლიოში არასტაბილურობის შექმნის კუთხით რუსეთის ნეგატიურ როლზეც ისაუბრა და საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც კინზინგერმა ინტერვიუში ისაუბრა, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებაა. ამერიკელი კონგრესმენის განცხადებით, შეთანხმება შედგა და მის დეტალებსაც ყველა მხარე ეთანხმებოდა. ადამ კინზინგერმა, გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია შეთანხმება სრულად შესრულდეს. 

 

ოკუპანტები გორის მუნიციპალიტეტში გამოჩნდნენ 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ისინი სამოქალაქო ტანსაცმელს ატარებდნენ, ტერიტორიაზე რამდენიმე საათს გაჩერდნენ და ბუჩქნარი გაჩეხეს. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა ეჭვობს, რომ ტერიტორიის გასუფთავებას ბორდერიზაციის პროცესის განახლება მოყვება. ის ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა. მოგვიანებით შემთხვევას საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყებამ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პროვოკაციები და დაიცვან 2008 წლის აგვისტოში დადებული შეთანხმება. 

 

ტყეები საპატრიარქოს

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს მხარი არ დაუჭიროს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოსთვის შესაძლებელი გახდება დიდი რაოდენობით ტყის მასივის საკუთრებაში გადაცემა.

 

მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ აღნიშნული ცვლილება არაკონსტიტუციურია და ის რელიგიურ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის წლების განმავლობაში არსებულ უთანასწორობას კიდევ უფრო აღრმავებს. სამოქალაქო სექტორის მოწოდების მიუხედავად, ხელისუფლებამ კანონპროექტის განხილვა არ გადადო, რასაც ორგანიზაციაში საპატრიარქოს კეთილგანწყობის მოპოვების მცდელობად აფასებენ. კანონის მიღების შემთვევაში EMC შესაბამის დებულებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 

COVID-19 საქართველოში

723 ინფიცირებული, მათგან 495 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. 

via GIPHY


სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 323 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3259 პირი. შედარებით მძიმეა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

 

სპეცრეისი რომიდან

დღეს მორიგი სპეცრეისი ამჯერად რომიდან შესრულდება, რომლითაც საქართველოს 171 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება. რეისს მთავრობის განკარგულებით კვლავ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს, ბილეთის ღირებულება კი 199 ევრო იქნება. ამ ეტაპზე ეს კორონავირუსის პანდემიის გამო დანიშნული ბოლო სპეცრეისი იქნება.

via GIPHY

 

მგზავრებს ჩამოსვლისთანავე სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ, შემდეგ კი სპეციალურად მათთვის მომზადებულ საკარანტინე სივრცეებში მოათავსებენ.

 

აშშ „ღია ცის შეთანხმებას” ტოვებს 

თეთრი სახლი თავის გადაწყვეტილებას რუსეთის მიერ ხელშეკრულების სისტემატური დარღვევით ასაბუთებს. ერთ-ერთ დარღვევად ვაშინგტონმა რუსეთისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის ე.წ. საზღვრის გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების აკრძალვა დაასახელა. 

მაიკ პომპეოს განმარტებით, რუსეთმა ასევე უკანონოდ დააწესა შეზღუდვა ფრენის მანძილზე კალინინგრადთან. შეერთებული შტატები ხელშეკრულებიდან ოფიციალურად პირობების შესაბამისად, 6 თვეში გავა. „ღია ცის შეთანხმება'' 30-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. მონაწილე ქვეყნებს საშუალებას აძლევს სამხედრო საქმიანობის კონტროლის მიზნით ერთმანეთის ტერიტორიების თავზე იფრინონ.

 

COVID-19 მსოფლიოში

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ვირუსი ოფიციალურად დადასტურებული აქვს 5.2 მილიონამდე ადამიანს. დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი უკვე 334 ათასს აღემატება. ამ დროისთვის, 45 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია. 

via GIPHY

 

COVID-19-ის შედეგად დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. გასული დღის განმავლობაში ვირუსს აქ 1 418 ადამიანი ემსხვერპლა. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით პანდემიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები ყველა ფედერალური ნაგებობებზე 3 დღის განმავლობაში დაშვებული იქნება. 

via GIPHY

 

კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ბრაზილიაშიც. დღის განმავლობაში ვირუსს აქ 1 188 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 300 ათასამდე გაიზარდა. 

 

აშშ-ის დახმარება რუსეთს

შეერთებული შტატები რუსეთს დახმარების სახით სასუნთქ აპარატებს გადასცემს. სამედიცინო ტვირთს პირველი პარტია, სადაც ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 50 აპარატი შედის, უკვე ჩავიდა მოსკოვში. რუსეთში ამერიკის საელჩოს განცხადებით, დახმარების სახით მოსკოვს კიდევ 150 აპარატი გადაეცემა. ჰუმანიტარული ტვირთის საერთო ღირებულება კი თითქმის 6 მილიონი დოლარია. რაც შეეხება კორონავირუსის მონაცემებს, ბოლო 24 საათში რუსეთში ინფიცირებულების რაოდენობამ 317 ათასს გადააჭარბა. დაღუპულთა რიცხვი 3 099-ს შეადგენს. 

 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა