logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 25.05.2020

25 მაი 202010:27
3 წუთის საკითხავი
clock 1540
bp8fzffe159leny.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 25 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

დღეიდან უფრო მეტი შეზღუდვა იხსნება

დღეიდან გადაადგილების ასაკობრივი შეზღუდვა 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის გახდა სარეკომენდაციო ხასიათის. მოიხსნა სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა. დასაშვები გახდა უნივერსიტეტში პრაქტიკული სამუშაოებისა და გამოცდების არადისტანციურად ჩატარება.

დასაშვები გახდა „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეკრება და მანიფესტაცია. ასევე, გაუქმდება საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, თუმცა შეზღუდვების უმრავლესობა კვლავ ძალაში რჩება.

 

ბასილაშვილის საქმე

ქვეყნის პირველი ჩოგანი საზოგადოებას ბოდიშს უხდის თავისი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე განცხადების გაკეთებას არ აპირებს.

 

 

საქართველოს პირველი ჩოგანი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს და 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სპორტსმენი ბრალს არ აღიარებს და დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს.

 

გიორგი რურუას პროცესი

დღეს 10 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება. იგეგმება ორი მოწმის დაკითხვა - პოლიციელის, რომელმაც, ოქმის თანახმად, ჩატარებული ჩხრეკა აწარმოა, მეორე მოწმე კი ექსპერტი იქნება. სანამ ბრალდების მხარის მოწმეები არ დაიკითხებიან, უფლებადამცველები რურუას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას აღარ დააყენებენ.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით ედავებიან, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

ხორავას ქუჩის საქმე

დღეს მიხეილ კალანდიას საქმეზე სააპელაციო სარჩელის განხილვაა ჩანიშნული. მსჯავრდებულის ადვოკატი პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. მისი თქმით, არსებობს 3 ახალი მტკიცებულება, რომელიც განაჩენის გამოტანის შემდეგ დაცვის მხარემ მოიპოვა. მათ შორისაა ის ვიდეომასალაც, რომელიც გუგა ბარბაქაძის ჩვენებისას ფარულად ჩაიწერეს. როგორც ადვოკატი აცხადებს, ბარბაქაძის რეალური ჩვენება რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც ოქმში წერია.

 

„ოცნების“ ლობისტების წერილი

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო „ქართული ოცნების“ ლობისტების წერილს ასაჯაროებს, რომელიც პრეზიდენტის შეწყალებებს ეხება. დოკუმენტს „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებიც ახლავს და მისი ადრესატი საერთაშორისო საზოგადოებაა.

მმართველი პარტიის ლობისტები ირწმუნებიან, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების საბოტაჟირებას ცდილობს, რაც ცალკეული პატიმრების მოთხოვნით გამოიხატება. წერილში ნათქვამია, რომ 8 მარტის შეთანხმება არ შეიცავს ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ მის შედეგად, ვინმემ საპატიმრო უნდა დატოვოს.


COVID-19 საქართველოში

731 ინფიცირებული, მათგან 526 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.

via GIPHY

სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 300 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3 076 პირი.

 

COVID-19 მსოფლიოში

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 5 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 340 ათასს აჭარბებს.

via GIPHY

 

Აშშ-მ ბრაზილიიდან ფრენები აკრძალა

კორონავირუსის ახალ ეპიცენტრად ექსპერტები ბრაზილიას პროგნოზირებენ. ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსი 16 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა და სულ 365 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ბრაზილიამ შემთხვევების სრული რაოდენობით ჩამოტოვა რუსეთი და მეორე ადგილი უჭირავს.

ტრამპმა უკვე აკრძალა ფრენები ჩინეთიდან, ევროპიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ირლანდიიდან, თუმცა არ აუკრძალავს რეისები რუსეთიდან, რომელსაც მესამე ადგილი უჭირავს.

 

via GIPHY

 

ვატიკანი 3 თვის შემდეგ გაიხსნა

3 თვიანი კარანტინის შემდეგ  ვატიკანი ვიზიტორებისთვის მუზეუმს პირველი ივნისიდან გახსნის.

შენობებში შესვლამდე დამთვალიერებელს ზღურბლთან სამედიცინო პერსონალი დახვდება, რომელიც მათ ტემპერატურას შეამოწმებს. ტურისტებისთვის გადაადგილების საშუალებად მხოლოდ ღია ტიპის ავტობუსები განიხილება. ვატიკანში კორონავირუსის მხოლოდ 12 შემთხვევაა გამოვლენილი.


„ავატარის“ გადაღებები გრძელდება

ჯეიმს კამერონის სამეცნიერო- ფენტეზის „ავატარის“ სიქველის გადაღებები გაგრძელდება. ფილმის გადაღებები მარტის შუა რიცხვებში კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. 

"ავატარი" დიდ ეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა და კინოს ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად იქცა სანამ 2019 წელს "შურისმაძიებლები: დასასრული" არ გამოვიდა და ავატარის რეკორდი გააუმჯობესა. 

ჯეიმზ კამერონი "ავატარის" გაგარძელებაზე წლების განმავლობაში მუშაობდა და ფილმის გამოსვლის თარიღი რამდენჯერმე გადაიდო. 


რეპეტიცია ისტორიული კოსმოსური მისიისთვის

ასტრონავტების დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტრანსპორტირებას SpaceX-ის მიერ შექმნილი რაკეტა უზრუნველჰყოფს.

ბოლოს NASA-ს ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკიდან 2011 წელს გაფრინდნენ. ეს მისია მნიშვნელოვანია, რადგან კოსმოსურ სადგურზე ეკიპაჟების მიღება ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მხოლოდ რუსეთს და მის Soyuz სარაკეტო სისტემას ჰქონდა დაკისრებული.


close დახურვა