logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 26.05.2020

26 მაი 202009:29
3 წუთის საკითხავი
clock 1116
0645zpk9qsuyga9.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 26 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

დღეს 26 მაისია. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ჩამოაყალიბა.

 

დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა თითქმის სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ქვეყანაში დღევანდელი დღე ყოველწლიურად მასშტაბურად აღინიშნება, თუმცა პანდემიის გამო ისტორიული თარიღი წელს ქვეყანაში ღონისძიებების გარეშე ჩაივლის.


მილოცვა აშშ-დან

შეერთებული შტატების სახელით განცხადებას სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აქვეყნებს და ამერიკასა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ სტრატეგიული პარტნიორობაზე ამახვილებს ყურადღებას. 

„შეერთებული შტატებში რჩება მტკიცე მხარდამჭერი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე,” - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა დამოუკიდებლობის დღე საქართველოს სპეციალური ვიდეომიმართვით მიულოცა. იგი აღნიშნავს, რომ საქართველო შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა. კინზინგერი ხაზს უსვამს, რომ ამერიკისთვის სასიხარულო იქნება საქართველოში ძლიერი და სტაბილური დემოკრატიის ნახვა. კონგრესმენის ვიდეომიმართვას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

ჰერალდიკის საბჭომ „ოცნების" წევრები დააჯილდოვა

ჰერალდიკის საბჭოსგან „ქართული ოცნების" წევრებმა ღვაწლისთვის საპატიო ჯილდოები მიიღეს. უცნობია კონკრეტულად რა წვლილი მიუძღვით ჰერალდიკის განვითარებაში ვანო ზარდიაშვილსა და დავით მათიკაშვილს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სიმბოლიკას ყოველწლიური განახლება არ სჭირდება, საბჭო ბიუჯეტიდან წელიწადში 500 000 ლარამდე თანხით ფინანსდება. 2008-დან 2018 წლის ჩათვლით კი მთლიანობაში 4,7 მილიონი ლარი მიიღო. 


განახლებული ხელშეკრულება რუსულ გაზპრომთან

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ რუსულ გაზპრომთან ხელშეკრულება განაახლა. ბუნებრივი აირის მიწოდების ტარიფის განახლება აპრილში მოხდა და ძალაში წლის ბოლომდე იქნება. თუ რა ტარიფით განახლდა ხელშეკრულება ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. ხელშეკრულების განახლებასთან დაკავშირებით „ფორმულასთან" განმარტებას არ აკეთებენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდის მიერ რუსულ გაზპრომთან ხელშეკრულების გაგრძელება საეჭვოა. რაც შეეხება ტარიფების გასაიდუმლოებას, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ გაზპრომმა ტარიფები, სავარაუდოდ, გააძვირა. ხელისუფლების ოპონენტები საკითხთან დაკავშირებით მთავრობის განმარტებებს ელიან. 

 

გახარია ხვალ პარლამენტში მივა

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ხვალ საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს. სხდომას ბოიკოტის მიუხედავად, ოპოზიცია მაინც დაესწრება. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ გახარიას პარლამენტში მისვლა დაგვიანებულია. ოპოზიციურ პარტიებს აინტერესებთ, როგორ შეძლებს სახელმწიფო ეკონომიკის ამუშავებას და რამდენად საკმარისი იქნება პანდემიის გამო დაზარალებული პირებისთვის ერთჯერადი დახმარებები. ოპოზიციას გახარიასთან კითხვები გაჩერებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც ექნება. 

 

დატბორილი მზიურის პარკი

ახლადგაკეთებულ მზიურის პარკში ბილიკები დაიტბორა. ამ ფაქტის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. ბავშვთა ქალაქის რეაბილიტაციაზე ქალაქის ბიუჯეტიდან 7.8 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა, მიუხედავად ამისა ბეტონის ბილიკებს სანიაღვრე სისტემა არ აქვს. მზიურის პარკის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ გასული წლის დასაწყისში დაიწყო. 

 

ბასილაშვილის საქმე

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის, ნიკოლზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით დავა გრძელდება. ჩოგბურთელის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ, როდესაც ჩოგბურთელს სასამართლო გაამართლებს, ახალი დავა, ბასილაშვილის სახელის შელახვასთან დაკავშირებით დაიწყება. გარდა ამისა, უფლებადამცველი უარყოფს, რომ ჩოგბურთელი ყოფილ მეუღლეს დუმილის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას უხდიდა. 


COVID-19 საქართველოში

732 ინფიცირებული, მათგან 537 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. 

via GIPHY


ამ დროისთვის სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 300 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3076 პირი.


COVID-19 მსოფლიოში

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 2.3 მილიონს გადააჭარბა. ვირუსი ოფიციალურად დადასტურებული აქვს 5.6 მილიონამდე ადამიანს. დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი უკვე 347 ათასს აღემატება. ამ დროისთვის, 53 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია. 

via GIPHY

 

COVID-19-ის შედეგად დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გუშინ ბრაზილიაში დაფიქსირდა. გასული დღის განმავლობაში ვირუსს აქ 806 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსის გავრცელების ახალ ეპიცენტრად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ახლა სწორედ ამ ქვეყანას მიიჩნევს. ბრაზილიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 376 ათასზე მეტია, მათ შორის ვირუსი 13 ათას პაციენტს გუშინ დაუდასტურდა.

via GIPHY

 

პლაქვენილის კლინიკური კვლევები შეჩერდა - ჯანმო

პრეპარატს, რომელიც მანამდე COVID-19-ის მკურნალობის პოტენციურ საშუალებად განიხილავდნენ, ახლა ექსპერტები უსაფრთხოების კუთხით სწავლობენ. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ პრეპარატმა შესაძლოა ​კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებში გარდაცვალების რისკი გაზარდოს. ჰიდროქსი-ქლოროქინი, იგივე პლაქვენილი COVID-19-ის სამკურნალოდ არაერთ ქვეყანაში გამოიყენება. პრეპარატის პროფილაქტიკის მიზნით მიღება რამდენიმე კვირის წინ დონალდ ტრამპმაც აღიარა. 

 

 


close დახურვა