logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 28.05.2020

28 მაი 202009:38
3 წუთის საკითხავი
clock 1224
smwi3xic93a0amc.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 28 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

გახარიას მოსმენა პარლამენტში 11 საათს გაგრძელდა

მმართველი გუნდის მიღწევები, ოპოზიციის კრიტიკა და პასუხგაუცემელი კითხვები. გიორგი გახარიამ გუშინ საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა და კანონმდებლების კითხვებსაც უპასუხა. ოპოზიციას გახარიასთან შეკითხვები საერთაშორისო კრიტიკაზე, შეზღუდვების დროს დაწესებულ ჯარიმებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობასა და კოვიდის ფონდის თანხებზე ჰქონდა. 

„ოცნების" ლიდერები პარლამენტის ტრიბუნიდან კორექტულები არც ამჯერად ყოფილან. პარლამენტის გადამდგარმა თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლაში ტელევიზიები გააკრიტიკა, ოპოზიცია გოიმებად ისევ მოიხსენია, გახარიას ანგარიშს კი მასტერკლასი უწოდა. მამუკა მდინარაძემ ოპონენტების კრიტიკა პოლიტიკურ ინფექციად მოიხსენია. 

მმართველი გუნდის წევრებმა გახარიას სიტყვით გამოსვლისას მადლობა არაერთხელ გადაუხადეს. ქართული ოცნების წევრები ფიქრობენ, რომ საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია დარჩა. ხელისუფლების ოპონენტებმა კი გახარიას ანგარიშში ვერ დაინახეს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ აპირებს პანდემიის დროს დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას მთავრობა. 


დაკავებებით დასრულდა აქცია ბათუმში

აჭარის მთავრობის წინ დაწყებული აქცია, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაკავებებით დასრულდა. აქციაზე, სადაც ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ორი პირის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, სამართალდამცველებმა 30 პირი დააკავეს. 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა კადრები, სადაც, მათი განმარტებით, ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც მიმდინარე წლის 7 მაისს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ის პირები აიყვანეს, რომლის გათავისუფლებასაც აქციის მონაწილეები გუშინ ითხოვდნენ. 


რუსეთის ინტერესი ლუგარის ლაბორატორიაზე

რუსეთი ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის ჩატარებას ორმხრივ ფორმატში და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე ითხოვს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ოფიციალური მოსკოვი პროვოკაციულს უწოდებს საქართველოს მიერ გაჟღერებულ ბრალდებას, რუსეთიდან წამოსული აგრესიული დეზინფორმაციის შესახებ. 

განცხადებაში ასევე წერია, რომ ეს ნაბიჯი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება იმ სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობიდან, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს. 

ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ამერიკის საელჩო სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და შეშფოთება გამოთქვა, რუსეთის მხრიდან ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაზე.


გაუქმდება თუ არა ჯარიმები

მმართველი გუნდი საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების შემსუბუქების საკითხს განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია როგორ მოუწევს ათასობით მოქალაქეს თანხის გადახდა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ ჯარიმები უნდა გაანულოს. შეგახსენებთ, 2 თვის განმავლობაში ქვეყანაში 25 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმა გამოიწერა.

სწორედ პანდემიის დროს დაწესებული ჯარიმებზე გააკეთა აქცენტი ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტმა გამოქვეყნებულ კვლევაში. ირკვევა, რომ საქართველოში ჯარიმების ოდენობა ევროპის ქვეყნებში დაჯარიმებულთა რაოდენობას აღემატება და ადამიანების შემოსავალთან შედარებით ის არაპროპორცოულად მაღალია.


შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი

ხვალიდან ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, თუმცა მოქალაქეებს მგზავრობისას გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. ადამიანები ვერ იმგზავრებენ დამცავი პირბადის გარეშე, ასევე აუცილებელია სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური წესების დაცვაც. 

აიკრძალა სამარშრუტო ტაქსებით ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა, ასევე კონდიცირების ჩართვა, მძღოლი ვალდებული იქნება მგზავრთა გადაყვანისას ღია ფანჯრებით გადაადგილდეს. ავტობუსებში წესების დაცვას კონდუქტორები, მეტროში კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გააკონტროლებენ. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 1 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მაღაზია, მათ შორის მოლებიც. გახარიას თქმით, ორშაბათიდან მუშაობას ასევე განაახლებენ ღია სივრცის მქონე რესტორნები. 8 ივნისიდან იგეგმება დახურული ტიპის რესტორნების გახსნა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ამუშავება.


კორუფცია და კანონზე მაღლა მდგომი ოცნების წევრები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" მმართველი გუნდის წევრებისა და მათი ახლობლების კორუფციულ ფაქტებზე საუბრობენ. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური „ფორმულასთან “ იმ თანამდებობის პირებზე ყვება, რომლებთან დაკავშირებული ორგანიზაციებიც ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებენ.

მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი ენზელ მკოიანია, რომლის ოჯახის წევრების სამმა კომპანიამ მხოლოდ საწვავის შესყიდვებზე ბოლო 9 წელში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. გიგაური აცხადებს, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში კორუფციის ყველა ფაქტის გამოვლენა აუცილებელია. 


პროტესტი ფოთში

ხმაური იყო ფოთში, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე, სადაც ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებისთვის ავტოსადგომია მოწყობილი. მძღოლები იქ არსებულ პირობებს აპროტესტებენ და თვითიზოლაციის რეჟიმის მოხსნას მოითხოვენ. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს 223 მძღოლის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა „პისიარ" კვლევისთვის და პასუხების მიღებისთანავე ისინი ტერიტორიას დატოვებენ. მერისთვის მძღოლების პროტესტი გაუგებარია, ვინაიდან ავტოსადგომი ხვალიდან ისედაც წყვეტს ფუნქციონირებას და მძღოლებმა აღნიშნული ტერიტორია ყველა შემთხვევაში უნდა დატოვონ.


COVID-19 საქართველოში

738 ინფიცირებული, მათგან 573 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 250 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3076 პირი. 

via GIPHY


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატით მკურნალობისას გვერდითი მოქმედება საქართველოში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, ამიტომ მედიკამენტი მკურნალობიდან ამოღებული არ არის. აღსანიშნავია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გარკვეული კვლევების საფუძველზე „პლაქვენილით" მკურნალობაზე უარი თქვა, თუმცა ზოგიერთი ქვეყნა მას კვლავ იყენებს.

 

COVID-19 მსოფლიოში

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 2.5 მილიონს გადააჭარბა. ვირუსი ოფიციალურად დადასტურებული აქვს 5.8 მილიონამდე ადამიანს. დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი უკვე 357 ათასს აღემატება. ამ დროისთვის, 53 ათასამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია. 

via GIPHY


COVID-19-ის შედეგად დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. გასული დღის განმავლობაში ვირუსს აქ 1 535 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 102 ათასს აჭარბებს. ინფექცია ქვეყანაში გუშინ კიდევ 20 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. შტატებში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევები 1 მილიონ 745 ათასზე მეტს შეადგენს.


ისტორიული მგზავრობა კოსმოსში უამინდობის გამო გადაიდო

კერძო კომპანია „SPACE-X-ისა” და „ნასას“ ერთობლივი ფრენა, რომელიც ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან უნდა შემდგარიყო ქარის გამო შაბათამდე გადაიდო. ასტრონავტებმა რაკეტის გაშვება მგზავრობის დაწყებამდე 20 წუთით ადრე გააუქმეს.

გუშინ დაგეგმილი გაშვება რომ განხორციელებულიყო, ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როდესაც ასტრონავტები კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდით გაემგზავრებოდნენ. შემდეგი ფრენა შაბათს, ადგილობრივი დროით 15:22 საათზეა დაგეგმილი.


close დახურვა