logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 29.05.2020

29 მაი 202009:37
3 წუთის საკითხავი
clock 1408
piavze17x3r4vfo.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 29 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.


საბერძნეთში ქართველმა პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო 

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ, საბერძნეთის საპატიმროში თავი ჩამოიხრჩო. ინფორმაციას ბერძნული მედია, ათენის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ირკვევა რომ 46 წლის საქართველოს მოქალაქეს პოლიცია მიგრანტების ტრეფიკინგს ედავებოდა. 

უახლოეს დღეებში ბრალდებული სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო. სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზიც. ბრალდებულმა სიცოცხლე საკუთარი ხელით პოლიციის დეპარტამენტის დროებით საკანში დაასრულა. 


საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

დღეიდან ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი იწყება. საქართველოში დაახლოებით 2 თვიანი პაუზის შემდეგ ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, თუმცა მოქალაქეებს ტრანსპორტით გადაადგილებისას რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. აუცილებელია დამცავი პირბადის ტარება, ასევე სოციალური დისტანცირების დაცვა. 

კახა კალაძემ ტრანსპორტის ამუშავებამდე გვიან ღამით თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტობაზა მოინახულა. კალაძის თქმით, ავტობუსის წინა კარი დაკეტილი იქნება. დედაქალაქის მერი, მგზავრებს სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისას წესების დაცვისკენ მოუწოდებს.  

დღეიდან აკრძალული იქნება სამარშრუტო ტაქსებით ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა, ასევე კონდიცირების ჩართვაც. მძღოლი  ვალდებული იქნება მგზავრთა გადაყვანისას ღია ფანჯრებით იმოძრაოს. ავტობუსებში წესების დაცვას კონდუქტორები, მეტროში კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გააკონტროლებენ. 


დღეს გახარიას პარლამენტში ისევ ელიან

ამჯერად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით წარდგება. მთავრობის მეთაური ორმა ფრაქციამ - „ევროპულმა საქართველომ" და „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიბარა. ინტერპელაციის მიხედვით, პრემიერს კონკრეტულ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა მოუწევს. ორივე ფრაქცია ჯამში 10 შეკითხვას დასვამს, ათივე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას ეხება. 

via GIPHY


გახარიას ვიზიტს პარლამენტში  დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილიც დაესწრება. როგორც ცნობილია, პრემიერი პარლამენტს ივნისის დასაწყისშიც ესტუმრება და მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში 2 დღის წინაც იყო, კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა და მისი მოსმენა 11 საათს გაგრძელდა.

 

ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე?

უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურაზე იმსჯელებენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ვარაუდობენ რომ შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად თეა წულუკიანი აირჩიონ, რაც მათი მტკიცებით სასამართლოს რეპუტაციას საბოლოოდ დაანგრევს.  პროცესების დამოუკიდებლად წარმართვას არც მესამე სექტორში ელოდებიან. საია პლენუმს გადაწყვეტილების მოგვიანებით მიღებისკენ მოუწოდებს.   


რეგულაციები ტურიზმის სექტორს

რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ კომპანიებს და როგორი იქნება რეგულაციები ტურიზმის სექტორში ეს დღეს გახდება ცნობილი. პრემიერ-მინისტრი საკითხთან დაკავშირებით უკვე შეხვდა შესაბამის უწყებებს. გაირკვა, რომ სასტუმროებს და განთავსების ობიექტებს სამუშაო ნებართვა შრომის ინსპექციის შესაბამისი შემოწმების გავლის შემდეგ ექნებათ. 

ცნობილია, რომ საქართველო კორონავირუსით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან ტურისტებს ვერ მიიღებს. ამას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს. კონკრეტულად რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ თავად ჩამოსულ ტურისტებს ეს უკვე 10 დღეში გაირკვევა. 


ზაფხული კონდიცირების გარეშე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება კორონავირუსის გავრცელების რისკის მხრივ საშიშია. ეპიდემიოლოგის თქმით, სწორედ ამიტომ მაღაზიებში, მოლებსა და ტრანსპორტში კონდიციონერების გამოყენება აკრძალული იქნება.  

 

ციხელაშვილი ნატოს წარმომადგენელს ესაუბრა 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა. კონფერენციაზე ქეთევან ციხელაშვილმა და როზარია პულისმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე პანდემიის პერიოდში გამოწვეულ პრობლემებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს. 

via GIPHY

 

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზეც გაამახვილა. 


COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

738 ინფიცირებული, მათგან 573 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 250 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3076 პირი. 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2.6 მილიონს მიუახლოვდა. ვირუსი ოფიციალურად დადასტურებული აქვს 5.9 მილიონზე მეტ ადამიანს. დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი უკვე 362 ათასს აღემატება. ამ დროისთვის, 54 ათასამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია. 

COVID-19-ის შედეგად დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. გასული დღის განმავლობაში ვირუსს აქ 1 223 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 103 ათასს აჭარბებს. ინფექცია ქვეყანაში გუშინ კიდევ 22 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. შტატებში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევები 1 მილიონ 768 ათასზე მეტს შეადგენს.


ტრამპმა სოცქსელების რეგულირების განკარგულებას ხელი მოაწერა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალური მედიის კომპანიებთან საჯარო დავაში შევიდა. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც „ტვიტერი" და „ფეისბუკის", დაცვის შეზღუდვას ითვალისწინებს. 

პრეზიდენტი ტრამპი სოციალურ ქსელებს მიკერძოებასა და თავისუფალი სიტყვის ცენზურაში ადანაშაულებს და რეგულაციების საჭიროებას იმით ამყარებს, რომ კომპანიები ნეიტრალურები აღარ არიან. შეერთებული შტატების პრეზიდენტის გაღიზიანება სოციალურ ქსელ „ტვიტერში", მის მიერ გამოქვეყნებული ორი განცხადების ფაქტების შემოწმების მაჩვენებლით მონიშვნამ გამოიწვია. 

თეთრი სახლის გამოცემულ აღმასრულებელ ბრძანებას გამოეხმაურა „ფეისბუკი". მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ ინტერნეტ პლატფორმები „სიმართლის არბიტრები ვერ იქნებიან". მისი თქმით, ინტერნეტ პლატფორმები ნამდვილი ამბების გავრცელებას უნდა ემსახურებოდნენ, თუმცა მათი ფუნქცია გამოგონილი ამბისგან სიმართლის გამოცალკევება და მისი ანალიზი არ არის. სატელევიზიო ინტერვიუში ცუკერბერგმა თქვა, რომ სოციალურ ქსელებს ფაქტების გადამოწმების ავტომატური პროგრამა აქვს და მისი დანიშნულება დეზინფორმაციის გავრცელების აღკვეთაა. 


არეულობა ნიუ-იორკში

მინესოტას შტატში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ფაქტი გააპროტესტეს. მხარდასაჭერი შეკრება დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში მალევე გადაიზარდა და აქციის მონაწილეების დაკავებით დასრულდა. 46 წლის ჯორჯ ფლოიდი ქალაქ მინეაპოლისში იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მას პოლიციელები აკავებდნენ.

გარდაცვალებამდე ფლოიდმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ სუნთქვა აღარ შეეძლო, თუმცა პოლიციელებს ყურადღება არ მიუქცევიათ. მომხდარის ამსახველი ვიდეო ამერიკულმა ტელეარხებმა გაავრცელეს. დაღუპულის ოჯახს მინესოტას პოლიციის ოფიცერმა მიუსამძიმრა. მომხდარის გამო სამსახურიდან ოთხი პოლიციელიც გაათავისუფლეს, თუმცა ქალაქ მინეაპოლისში დაძაბულობის ტალღა ამ დრომდე არ წყდება.

 

 


close დახურვა