logo
ENG



ამბები, რომლებიც 12 აგვისტოს უნდა იცოდე

12 აგვ 202009:18
3 წუთის საკითხავი
clock 1362
7hm3gfts0eedu75.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 12 აგვისტოს უნდა იცოდეთ

 

ლევან თოფაძის დაკითხვა

 

სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაკითხვა - ის გუშინ პირველად გამოიკითხა. როგორც თოფაძის ადვოკატი მედიასთან განმარტავს, თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მიუხედავად ამისა, მან გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

დაპირისპირება მოხდა სატელეფონო საუბრის შედეგად - ლევან თოფაძის ადვოკატი

▪️ „ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო დაზიანებები, თუმცა მან განმარტა, რომ დანა ან მსგავსი საგანი არ დაუნახავს" - ლევან თოფაძის ადვოკატი


ადვოკატის ინფორმაციით, ინციდენტი თოფაძესა და ბუსა ჟვანიას შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა - ხოლო დაზიანებები, რომლებიც თოფაძემ მიიღო - სწორედ ჟვანიასთან დაპირისპირების შედეგია. 

 

გიორგი შაქარაშვილის საქმე

 

მოკლული ფეხბურთელის საქმეზე პროკურატურის მხრიდან ბრალის დამძიმებას ბრალდებულების ადვოკატები პასუხობენ. მათი შეფასებით, არ არსებობს მოტივი, რომლის საფუძველზეც ბრალდებულები შაქარაშვილის სიცოცხლეს ხელჰყოფდნენ. ამას გარდა, უფლებადამცველების თქმით, პროკურატურას ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვს.

შაქარაშვილს თან სცემეს და თან ჩაახრჩეს წყალში - მირიან ნიკოლაძე

▪️ „საქმეში მსგავსი არაფერი ფიგურირებს, რასაც ვიტყვი, მაგრამ ეს არის ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია - თან ცემეს და თან ჩაახრჩეს წყალში და მერე გაატანეს წყალს" ...


ადვოკატების ნაწილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ მომავალში პროკურატურამ ბრალი სხვა დაკავებულებსაც დაუმძიმოს. გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წარმომადგენლის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახი გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია. ნიკოლაძე ამბობს, რომ ვასილ მახარაძის მიმართ ეჭვები კვლავ არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე საქმეში მის წინააღმდეგ დეტალები არ იკვეთება. 

 

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

 

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის Gmail-ი ს ანგარიში გამოძიებამ გუშინ გახსნა და მას 5 საათის განმავლობაში ამოწმებდნენ.

ბაჩალიაშვილის Gmail-ი გაიხსნა, ვიღაცას აქვს წვდომა - მიხეილ რამიშვილი

▪️ „დღეს თამუნას Gmail-ი გაიხსნა. მთელ იმ ინფორმაციიდან, რაც ფოსტაში იყო დეტალურად გავეცანით" - მიხეილ რამიშვილი


როგორც ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მედიასთან აცხადებს, 13-დან 18 ივლისამდე არსებული მიმოწერა წაშლილია, რაც ეჭვებს აჩენს. ადვოკატი მოითხოვს დადგინდეს, თუ ვის მიერ და რა მისამართზე მოხდა საფოსტო ანგარიშზე წვდომა.

 

ვითარება მესტიაში

 

COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ჩაკეტილ მესტიაში შესაძლოა გაიზარდოს - ამის ვარაუდობის საფუძველს ხელისუფლების წამრომადგენლებს ის აძლევს, რომ ტესტირებების ჩატარების პერიოდში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდათ. რეგიონში შესაძლოა, საკარანტინე სივრცეების დამატება გახდეს საჭირო, რადგან აქ არსებული 20-ვე საკარანტინე ზონა უკვე შევსებულია და ახლა ვიზიტორების ნაწილის გადაყვანა ქუთაისსა და თბილისში გახდა საჭირო. შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მესტიაში საკარანტინე შეზღუდვებისა და რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება მესტიაში 10 აგვისტოს მიიღო. 

 

ჯო ბაიდენმა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი წარადგინა

 

აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად კალიფორნიის შტატის სენატორი კამალა ჰარისი დაასახელა. საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში 55 წლის კამალა ჰარისი ამერიკის ისტორიაში არა მარტო პირველი ვიცეპრეზიდენტი ქალი, არამედ ამ თანამდებობაზე პირველი ფერადკანიანი კანდიდატი იქნება. ჰარისი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს. ის „დემოკრატთა" წინასაარჩევნო მარათონში ბაიდენის ოპონენტი იყო, თუმცა არჩევნებს დეკემბერში გამოეთიშა.

 

Google-მა მიწისძვრის სენსორის ფუნქცია გააქტიურა

 

Google-მა ანდროიდ ტელეფონებს მიწისძვრის სენსორის ფუნქცია შესძინა. ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა სიახლე პირველად კალიფორნიაში გამოსცადა.

მიზანი მიწისძვრისას უბედური შემთხვევების პრევენციაა. სენსორი, რომელიც ანდროიდ სმარტფონებშია ინტეგრირებული, მიწისქვეშა ბიძგებს ადრეულ ეტაპზე გრძნობს, მომხმარებელს ატყობინებს და სიგნალს ეპიცენტრის ადგილიდან Google-ის სერვერს უგზავნის. მიწისძვრის დეტექტორის ფუნქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეტაპობრივად ამოქმედდება.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

 

1278 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1058 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 282 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 7166 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 20.2 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 13.4 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 745 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 64 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა