logo
ENG



ამბები, რომლებიც 15 სექტემბერს უნდა იცოდე

15 სექ 202009:01
3 წუთის საკითხავი
clock 1077
yhghxo2gs6jhjcl.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 15 სექტემბერს უნდა იცოდეთ

 

ბაჩალიაშვილის საქმე - საგამოძიებო ექსპერიმენტი

რას ამტკიცებს ყოფილი საკალმახედან ამოღებული ნივთები - ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ექსპერიმენტი „ვილა ალგეთის“ ტერიტორიაზე გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე, ოჯახის ადვოკატები და საგამოძიებო უწყებების თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ადვოკატების ინფორმაციით, ტერიტორიიდან ყველა საეჭვო ნივთი ამოიღეს, მათი ექსპერტიზა კი დაადგენს, აქვს თუ არა ამ ადგილს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი. პროკურორი კი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალებასთან ყოფილი საკალმახის შემხებლობას გამორიცხავს და ამბობს, რომ საგამოძიებო სამუშაოები მხოლოდ ოჯახის მოთხოვნით ჩატარდა. 

„ვილა ალგეთში“ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ტერიტორიის მეპატრონეების მხრიდან გაკეთებულ ბრალდებებს ჟურნალისტი ელისო კილაძე პასუხობს. მისი თქმით, მხოლოდ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს და უდანაშაულობის პრეზუმფციას არ არღვევს. ჟურნალისტისთვის მხოლოდ ვარაუდია მეპატრონის განცხადება, რომ ავტომობილს ვილა ალგეთიდან მაწევანის საძოვრებზე ევაკუატორით ვერ გადაიყვანდნენ. ელისო კილაძე პასუხს გამოძიებისგან ელის. 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

2392 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1369 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 29.4 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 21.2 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 932 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 60 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

ახალი სასწავლო წელი

სასწავლო პროცესი დღეს იწყება, თუმცა - ნახევრად დისტანციურად. ონლაინ რეჟიმში სწავლება დიდ ქალაქებსა და რამდენიმე სოფელში 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება . ონლაინ-სწავლება შეეხება ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელსაც. განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ განათლების სისტემა მზად არის როგორც საკლასო ოთახებში, ისე დისტანციურად სასწავლო პროცესის დასაწყებად. 

.

.

განათლების მინისტრი აცხადებს, რომ პირველი ოქტომბრიდან სწავლა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებშიგაგრძელდება. დისტანციური რეჟიმისთვის განათლების სისტემის მზაობას ვერ ხედავენ ოპოზიციაში. მთავარ პრობლემად კი ათასობით მოსწავლისთვის ინტერნეტის არარსებობას ასახელებენ.

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას მოწინააღმდეგეები ჰყავს მასწავლებლებსა და მშობლებს შორისაც. ისინი პარლამენტთან დღეს აქციასაც გამართავენ. სკოლა „ლამპარის“ დირექტორი მოითხოვს, რომ სახელმწიფომ გამონაკლისი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის მაინც დაუშვას.

 

საქართველო ირჩევს 2020

როგორია საზოგადიების განწყობა არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე. ვინ ლიდერობს პოლიტიკურ რეიტინგებში და ვის აქვს შანსი გამარჯვება მოიპოვოს ამა თუ იმ მაჟორიტარულ ოლქში. არ გამოტოვოთ დღეს, 21:00 საათზე Edison Research-ის წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია ფორმულაზე.

 

კარანტინი მოხუცთა თავშესაფარში

კოვიდინფიცირების 6 შემთხვევა ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში გამოვლინდა. ხუთ ბენეფიციარსა და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდათ. დაწესებულებაში კარანტინი გამოცხადდა.

.

.

თავშესაფრის ხელმძღვანელის თქმით, ინფიცირებული თანამშრომელი ორი სექტემბრის შემდეგ სამსახურში არ ყოფილა. დეკანოზის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი ბათუმიდან ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. ტესტირება თავშესაფრის სხვა ბენეფიციარებსაც ჩაუტარდათ. მათი პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

 

სასამართლო პროცესი შაქარაშვილის საქმეზე

მცხეთის სასამართლოში დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. დაცვის მხარე შუამდგომლობას დააყენებს საქმიდან მედიაში გავრცელებული საკნების ვიდეოების აცილებასთან დაკავშირებით. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმე არსებით განხილვას საერთოდ არ უნდა გადაეცეს და მათი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ განზრახ მკვლელობის მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს. გარკვეული ნივთმტკიცებულებების საქმიდან აცილებას ბრალდების მხარეც ითხოვს.


close დახურვა