logo
ENG



ამბები, რომლებიც 17 სექტემბერს არ უნდა გამოტოვო

17 სექ 202009:02
3 წუთის საკითხავი
clock 1009
n1tzgy3wcp7sq4w.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 17 სექტემბერს უნდა იცოდეთ


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით მოხალისეებს გამოგზავნის. ისინი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო ჯგუფს შეუერთდებიან. ამასთან, პომპეოს ინფორმაციით, იმისათვის რომ საარჩევნო პროცესში NDI და IRI-ც ჩაერთოს, მათი უარის მიუხედავად, ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს მართავენ. 

 

,,დეპარტამენტი შეარჩევს მოხალისეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რათა ისინი შეუერთდნენ ოდირის მისიას. ოდირის მისიის გარდა, თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კოორდინაციით, უზრუნველყოფს საელჩოს გუნდის მხრიდან დაკვირვებას.”- წერია წერილში.


COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

2758 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1412 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 30 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 21.8 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 945 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 60 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


დაპირისპირება და სროლა რუსთავში

რუსთავში გვიან ღამით მომხდარი დაპირისპირების შემდეგ 2 ახალგაზრდა დააკავეს. ისინი დაკითხვაზე რუსთავის 1-ლ სამმართველოში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთ დაკავებულს მსუბუქი დაზიანებები მხარის არეში აღენიშნება. დაპირისპირება 20-მდე მოზარდს შორის რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, დაპირისპირების დროს მოსახლეობამ გასროლის ხმა გაიგო, რის შემდეგაც ადგილზე, საპატრულო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მივიდნენ. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია. მომხდარ ფაქტზე ინფორმაციას არც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს. 


რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

რაგბის კავშირში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა. მერაბ ბესელიამ, საინიციატივო ჯგუფის წევრი, იუნკერთა გუნდის კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხში დაჭრა. რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მცხეთაში დააკავეს. ფორმულას წყაროს ცნობით, ინციდენტის დროს ბესელია ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

 

რაგბის კავშირის წევრები ჟურნალისტებთან საუბარში ამბობენ, რომ მათ მხოლოდ სროლის ხმა გაიგეს. სპორტსმენებმა, მწვრთნელებმა და კლუბების წარმომადგენლებმა რაგბის კავშირში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარი რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. ისინი ფინანსური კრიზისზე, დარღვევებსა და კლანურ მმართველობაზე საუბრობდნენ. რაგბის კავშირში არჩევნები ორჯერ ხმაურითაც ჩაიშალა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს. 


შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვნების სხდომა დღეს განახლდება. დაცვის მხარისთვის უცნობია რომელ მოწმეებს წარადგენს ბრალდების მხარე გამოსაკითხად სხდომათა დარბაზში. უფლებადამცველებს მიაჩნიათ რომ ვერცერთი მოწმე მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას ვერ დაადასტურებს.

ბრალდების მხარე არ გამორიცხავს სხდომაზე ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევასაც. პროკურორი ნანა გუგუტიშვილი არ აკონკრეტებს, თუ რომელი პირებს წარადგენს ბრალდების მხარე სხდომაზე. ამ დღეებში სხდომაზე გამოიკითხება გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის დედაც. 


ახალი დეტალი ბაჩალიაშვილის საქმეში

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი დეტალი იკვეთება - ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა მიაგნეს იმ ალტერნატიულ გზას, რომელიც ვილა ალგეთიდან სოფელ გოლგეთს უერთდება. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გამოძიებამ ამ დეტალს ყურადღება არ მიაქცია, ადვოკატებს კი უთხრეს, რომ ალტერნატიული გზა საერთოდ არ არსებობდა. უფლებადამცველთა თქმით, ამ გზით ავტომობილით გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი და თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა ამ მონაკვეთზე ისე შეიძლება მოხვედრილიყო, რომ საგზაო კამერებს ის ვერ დაეფიქსირებინათ.

 ამასთან ოჯახი დღეს რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში აპირებს მისვლას. ექსპერტიზა მანქანასთან დაკავშირებით ჩატარდება. 


მევენახეების პროტესტი 

აქციის მონაწილეები, რომლებმაც სოფელ ჭიკაანში გუშინ ყურძენზე დაწესებული ფასი გააპროტესტეს, პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. გაიზრდება თუ არა რქაწითელსა და საფერავზე დადგენილი ფასები - ამ კითხვაზე პასუხი მათ რთველის საკოორდინაციო შტაბიდან ვერ მიიღეს. ჭიკაანის ღვინის ქარხანასთან შეკრებილი ორი სოფლის მოსახლეობა შტაბის ხელმძღვანელს თითქმის ორი საათის განმავლობაში უშედეგოდ ელოდა.

ლევან მეხუზლა დღის ბოლოს, კომპანია თბილღვინოს სტუმრობდა, საიდანაც მევენახეებს უპასუხა და თქვა, რომ სახელმწიფო ფასების განსაზღვრაში ვერ ჩაერევა. 


სილკნეტის გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნა

სილკნეტის 80-მდე თანამშრომელი გაიფიცა. სიტყვიერად ყველა გაფიცულ თანამშრომელს შეატყობინეს, რომ გათავისუფლებული არიან სამსახურიდან, ოფიციალური დოკუმენტი კი ეტაპობრივად იგზავნება. გაფიცული თანამშრომლების მთავარი მოთხოვნა ხელფასების გაზრდაა. 

კომპანიის თანამშრომლები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ პანდემიის პირობებში დისტანციური მუშაობის გამო ზედმეტი ხარჯების გაღება უწევდათ იმისთვის, რომ შეუფერხებლად ემუშავათ. 


დაუსრულებელი სამუშაოები გლდანში

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებიდან სამი თვის შემდეგ გლდანში, ზებრა გადასასვლელები და შუქნიშნები მერიას ამ დრომდე არ გაუკეთებია. შუქნიშნები გამორთულია ან არ არის დამონტაჟებული, მოსახლეობას კი გზის გადაჭრა ქვეითმოსიარულეთა გადასასვლელის გარეშე უწევს. 

რეაბილიტაციის შემდეგ, მიუხედავად მერიის ჩანაფიქრისა, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის დაუხაზავთ ცალკე ზოლი. საგზაო ინფრასტრუქტურის დაუსრულებლობა, კი გლდანის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. 

როდის დაიწყება გლდანის განახლებული გზის საბოლოოდ მოწესრიგება, ამასთან დაკავშირებით ფორმულა თბილისის მერიას დაუკავშირდა. მერიაში აცხადებენ, რომ მთელ ქალაქში დაწყებულია დახაზვითი სამუშაოები. უახლოეს დღეებში კი სამუშაოები გლდანშიც დაიწყება. ამასთან ერთად ქალაქის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ რამოდენიმე დღეში დაყენდება შუქნიშნებიც.


close დახურვა