logo

ამბები, რომლებიც 1 აგვისტოს უნდა იცოდე

clock 0 clock 1958 clock 01 აგვ 202010:40
c43c72nty9nf5tg.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 1 აგვისტოს მნიშვნელოვან მოვლენებს

 

წაშლილი ზარები და მიმოწერა ბაჩალიაშვილის ტელეფონში

 

ვინ და რატომ წაშალა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონში ზარები და მიმოწერა. „შაბათის ფორმულამ” გაარკვია, რომ თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, 10:15 საათზე დაურეკეს. ბაჩალიაშვილის მამის განცხადებით, გარდაცვლილი პროგრამისტი აიყოლიეს და სახლიდან გამიზნულად გაიყვანეს.

დღეს, 20:00 საათზე „შაბათის ფორმულაში“ გაიგებთ თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული საქმის ახალ დეტალებს.

 

თამარ ბაჩალიაშვილი ელექტროშოკს ატარებდა

 

გადაცემა „პოლიტმეტრში“ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი ნინო ჟიჟილაშვილს და ვახო სანაიას უყვება, რომ მისი შვილი ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ელექტროშოკს ატარებდა.

თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ ელექტროშოკი გარდაცვლილს მანქანაში უნდა ჰქონოდა.

„მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი თუ შეგიძლია მიშოვოო. მამამისმა მოუტანა და რამდენადაც ვიცი ატარებდა. ზუსტად ვერ ვიტყვი, დაახლოებით 5-6 თვის წინ იყო. ელექტროშოკი სახლში არ არის. ვფიქრობ, მანქანაში იქნებოდა. რამე  კონკრეტული საფრთხე არ უხსენებია“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

 

ტრამპი აშშ-ში TikTok-ს კრძალავს

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ ის პოპულარულ მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების აპლიკაცია TikTok-ს შეერთებულ შტატებში აკრძალავს. ამით დონალდ ტრამპი ასევე ხელს უშლის გარიგებას, რომლითაც Microsoft-ს აპლიკაცია მისი ჩინელი მფლობელებისგან უნდა ეყიდა.

„მე ამის უფლებამოსილება მაქვს,” - განაცხადა პრეზიდენტმა. ტრამპის თქმით, მას უფლება აქვს საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილებები ან აღმასრულებელი ბრძანება გამოიყენოს.

რამდენიმე ქვეყანაში TikTok ეროვნული უსაფრთხოების საგნად იქცა. ამავე მიზეზით ინდოეთმა უკვე აკრძალა აპლიკაცია საკუთარ ტერიტორიაზე. არსებობს ვარაუდები, რომ მონაცემები, რომლებსაც აპლიკაცია მომხმარებლებზე აგროვებს, შეიძლება ჩინეთის მთავრობის ხელში აღმოჩნდეს, თუმცა TikTok-ის განცხადებით, აპლიკაცია მონაცემებს ჩინეთის ფარგლებს გარეთ ინახავს.

 

„ჰერმესმა” ყველაზე ძვირადღირებული ჩანთის გაყიდვით მსოფლიო რეკორდი დაამყარა 

 

ჰერმესის” იშვიათი მოდელი Hermès Diamond Himalaya Birkin 25 ნილოსის ნიანგის ტყავისგანაა დამზადებული და 18 კარატიანი თეთრი ოქროთი და ბრილიანტებითაა დაფარული.

ჩანთა 230 000 ფუნტად გაიყიდა და ამით ყველაზე ძვირადღირებული ჩანთის სტატუსი მიიღო და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

 

1171 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 947 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 323 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 6588 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 17.7 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 11.1 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 683 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 65 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა