logo
ENG



ამბები, რომლებიც 20 სექტემბერს უნდა იცოდე

20 სექ 202011:20
3 წუთის საკითხავი
clock 640
512nns3ntv9g4hk.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 21 სექტემბერს უნდა იცოდეთ

 

 

უკავშირდება თუ არა გიორგი შაქარაშვილის საქმეს ე.წ ჯართის შემგროვებლის დაკავება

 

39 წლის ლევან ყარყარაშვილის, ე.წ ჯართის შემგროვებლის საქმის არსებითი განხილვა 20 ოქტომბრამდე გადაიდო. საქმის გადადება მისმა ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა ითხოვა, რომელიც საქმეში 15 სექტემბერს ჩაერთო. მანამდე ყარყარაშვილს ადვოკატი არ ჰყოლია სწორედ 15 სექტემბერს უნა გამართულიყო ყარყარაშვილის საქმის პირველი არსებითი განხილვა, თუმცა, ნიკოლაიშვილმა საქმის მასალების გასაცნობად დრო ითხოვა.

ამ ტერიტორიაზე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ღამეს საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა.

პროკურატურის მტკიცებით, ყარყარაშვილმა 138 ლარად შეფასებული ბოძის დანაწევრება ელექტროსაჭრელით სცადა, რა დროსაც გაჩენილი ნაპერწკალი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გამხმარ ბალახს წაეკიდა და ცეცხლი გაუჩნდა. ეს ბოძი ახლაც ე.წ ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გდია.

დაკავებული ლევან ყარყარაშვილი წარდგენილ ბრალს (ქურდობის მცდელობას) აღიარებს. ეს მან სასამართლო სხდომაზე მოსამართლესაც არაერთხელ დაუდასტურა.

მიუხედავად ამ გარემოებებისა, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ყარყარაშვილის ბრალეულობას დაადასტურებს.

"გამოვიდა, რომ ამ ხმაურს შეეწირა ადამიანის ბედი და ისევ ციხეშია მაშინ, როცა ნორმალურ მდგომარეობაში არც ციხეში იქნებოდა და არც ბრალი ექნებოდა წარდგენილი. როცა ქუჩაში რაღაც ბოძი გდია და თითოს ადამიანი ამას აზიანებდა და ბრალს ამ მუხლით უყენებ, ეს ლოგიკური არ არის". - ამბობს ადვოკატი ფორმულასთან.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

 

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3502 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1494 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა. 

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 30.9 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 22.5 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 961 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 61 400-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

კასპში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი პირი დააკავეს

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კასპში განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმედ დაზიანებისთვის 1958 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. შემთხვევა დღეს, 19 სექტემბერს მოხდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა 1978 წელს დაბადებული დ.ბ., რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1949 წელს დაბადებულ გ.ნ.-ს სხეულზე დაზიანება მიაყენა", - აცხადებს შსს. 

 

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა ნაწილი, შესაძლოა, საპროცესოთი გამოუშვან

 

"შაბათის ფორმულას" ინფორმაციით,  გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ნაწილმა შესაძლოა ციხე მალე დატოვოს. "შაბათის ფორმულას" არაერთი წყარო  უდასტურებს, რომ პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის საპროცესო შეთანხმებაზე კომუნიკაცია ინტენსიურად მიმდინარეობს.

საქმე ეხება სამ ბრალდებულს ე.წ საბურთალოს დაჯგუფებიდან, რომლებიც ე.წ "აგარაკის ეპიზოდის" მონაწილეები არიან. დღეის მდგომარეობოთ, გამოძიება მათ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავება.

"შაბათის ფორმულას" ინფორმაციით, პროკურატურა საბა გოგშელიძეს, ირაკლი წაქაძესა და საბა ჩხარტიშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ სთავაზობს.

ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს შაქარაშვილის საქმის პროკურორი ნანა გუგუტიშვილი.

"ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ აღნიშნულ ფაქტს. არ არიან ისინი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები. ფიზიკურად არ მაქვს ინფორმაცია.  როგორც ჩემთვის ცნობილია, საპროცესო შეთანხმება არავისთან გაფორმებულა," -აცხადებს ნანა გუგუტიშვილი.

ერთ-ერთი ბრალდებულის, საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი "შაბათის ფორმულასთან" ამბობს, რომ შეთავაზების არსებობის შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე გადაწყვეტილებას თავად ბრალდებულთან კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღებს.


close დახურვა