logo

ანა კასრაძე: სწორი მეთვალყურეობის ქვეშ კოვიდ 19-ის მსუბუქი შემთხვევები შეიძლება ბინაზე იმართებოდეს

clock 25 მარტი 2020 21:23
r77zv4azkkgk7o4.png

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რისკებზე რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე, გადაცემა COVID 19-ში აცხადებს, რომ საზღვარგარეთ კლინიკები რომ არ გადაიტვირთოს კორონავირუსით დაავადებული პაციენტები, რომელთა მდგომარეობაც მსუბუქად მიმდინარეობს, სახლში აგრძელებენ მკურნალობას.

მისივე განცხადებით, საქართველოში ამის საჭიროება ჯერჯერობით არ დგას, მაგრამ თუ საჭირო გახდება ბინაზე მკურნალობა შეიძლება ნებადართული იყოს.

„ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას. იმისათვის, რომ ჰოსპიტლების გადატვირთვა აირიდონ თავიდან, მსუბუქი შემთხვევების მართვა ხდება ბინაზე, ევროპის სხვა და სხვა ქვეყანაში. ეს მიდგომა შესაძლოა ერთ-ერთ ვერსიად განვიხილოთ მომავალში. შემთხვევების 80 % მიმდინარეობს მსუბუქად, შესაბამისად სწორი მეთვალყურეობის ქვეშ მსუბუქი შემთხვევები ბინაზე იმართებოდეს.

ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევების ასეთი რაოდენობა არ გვაქვს, რომ სახლში ხდებოდეს მკურნალობა. თუ საჭირო გახდება, გაიწერება შესაბამისი პროტოკოლი და მეთოდი, რის მიხედვითაც ეს აქტივობა განისაზღვრება.

სამომავლოდ იგეგმება ტესტირების გაფართოება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს მათთვის პაციენტებისთვის ორი სახის დოკუმენტი გვაქვს შემუშავებული. პირველი - არის შემთხვევის განსაზღვრება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული, რომელშიც მოცემულია კრიტერიუმები თუ რა შემთხვევაში უნდა მივიტანოთ ეჭვი კორონავირუსზე და ჩავატაროთ ტესტირება. მეორე კი არის - ტრიაჟის ალგორითმი, თუ რომელიმე კლინიკაში შევა საეჭვო პაციენტი ცხელებით და ხველით, როგორ უნდა მოიქცეს კლინიკა. აი ეს ორი დოკუმენტი არის მათთვის ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ანა კასრაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 75 შემთხვევა ფიქსირდება. ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ გვერდზე, STOPCOV.GE-ზე არის განთავსებული.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა