logo

არ ვეთანხმები ბრალის დადგენილებას... გეთაშვილი პოლიციელებმა შეაშინეს, იარაღი დაადეს - ადვოკატი

clock 08 ოქტომბერი 2019 13:12
0udi00nbxi6k8y0.jpg

35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი გეთაშვილის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალის დადგენილებას არ ეთანხმება.

როგორც ადვოკატი აცხადებს, გიორგი გეთაშვილი და დავით მუმლაძე მეგობრები იყვნენ და მუმლაძის მკვლელობის დღეს, ისინი ტოტალიზატორში იმყოფებოდნენ. დადგენილებაში კი ნათქვამია, რომ გიორგი გეთაშვილს, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დახმარებას ედავებიან. დოკუმენტში ასევე პირდაპირ წერია, რომ ბრალდებულები - გიორგი ასათიანი და ზურაბ ჯღარკავა, განზრახვის განხორციელების მიზნით, დაუკავშირდნენ გეთაშვილს და ამ ფორმით გამოიყვანეს დავით მუმლაძე სახლიდან.

„პოლიციელები, რომლებიც თითქოსდა ჩვენი თანამზრახველები არიან, ამბობენ, რომ მათ აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენიათ. ანუ, მათ არ გაუტაციათ არავინ, შესაბამისად, ეს მიუთითებს იმას, რომ ჩვენ ამ პოლიციელებთან არანაირი შეხება არ გვაქვს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციელებმა შეაშინეს და ვერ იტყოდა, რადგან იარაღი დაადეს და უთხრეს, რომ თუ რაიმე ფორმით ამას გაახმაურებს, შენც... შეაშინეს. ბრალის დადგენილებას არ ვეთანხმებით, რადგან გიორგი გეთაშვილი და დავით მუმლაძე მეგობრები იყვნენ და ტოტალიზატორში იმყოფებოდნენ,“ - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსნებთ, რომ ცოტა ხნის წინ „ფორმულა news-მა“ 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე, ბრალის დადგენილება მოიპოვა. დოკუმენტში დეტალურად წერია რას ედავება ბრალდება დაკავებულებს და მათი ვერსიით, როგორ ვითარდებოდა მოვლენები.

"2019 წლის პირველ ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე. ქ. თბილისში. მუხიანის დასახლებაში მცხოვრები დავით მუმლაძე, გიორგი გეთაშვილმა მოტყუებით გამოიყვანა საცხოვრებელი ბინიდან, ჩაისვა თავისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში (BMW-X6), სახელმწიფო ნომრით BB 449 BC. აღნიშნულის შემდეგ, მან დაიწყო მოძრაობა დავით მიროტაძესთან, მიხეილ ღუბიანურთან და დიმიტრი დუღაშვილთან წინასწარ შეთანხმებული მიმართულებით, კერძოდ, ქ. თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონის პირველი კორპუსის მიმდებარედ, სადაც მას შეთანხმებისამებრ, BMW-ს მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით - BB 836 HB, დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები მიხეილ ღუბიანური, დავით მიროტაძე და პოლიციის ყოფილი მუშაკი დიმიტრი დუღაშვილი. პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა სამივე ზემოაღნიშნულმა პირმა, მოახდინა დავით მუმლაძის დაკავების ინსცენირება, კერძოდ მათ შეიპყრეს დავით მუმლაძე, რომელსაც ჩამოართვეს ნივთები, მათ შორის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, დაადეს ბორკილი და იძულებით ჩასვეს თავიანთი მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში,“ - აღნიშნულია დადგენილებაში.

შეგახსენებთ, რომ დავით მუმლაძის ცხედარი 5 ოქტომბერს მტკვარმა გამორიყა. მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. საქმეზე უკვე დაკავებულია 5 პირი, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელი.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა