logo
ENG



ბაჩალიაშვილის მამა: მთავარი მოთხოვნაა, რომ დადგინდეს რატომ მოკლეს ჩემი შვილი

15 აგვ 202012:17
3 წუთის საკითხავი
clock 835

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უკვე მესამედ, ორშაბათს შეხვდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ აუდიენციის ფარგლებში გააცნობენ ოჯახს, სოციალურ ქსელებიდან აღდგენილ მასალებს, რაც გამოძიებამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო. 

როგორც პროგრამისტის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა აღნიშნა, ოჯახი გენერალურ პროკურორს ნდობას უცხადებს. მისივე თქმით, ამერიკის ფედერალური ბიურო საქმეში ნაწილობრივ უკვე ჩართულია. 

"გუშინ, ბატონმა ირაკლი შოთაძემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ საქმეში ნაწილობრივ ჩართულია ამერიკის ფედერალური ბიურო. წაშლილი ინფორმაცია სოციალური ქსელებიდან ნაწილობრივ აღდგენილია. სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ინფორმაციაზეა საუბარი. FBI ჩაერთვება ექსპერტიზის მიმართულებით. საქმემ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია, ამ კაცმა [ირაკლი შოთაძე] გულთან ახლოს მიიტანა და ვენდობით მას. შეხვედრები პერიოდულად იქნება", - განაცხადა ბაჩალიაშვილმა

კითხვაზე - ჩამოაშორეს თუ არა პროკურორი მარიამ გოგორელიანი საქმეს, ის ამბობს, რომ ჩამოაშორეს. 

"ეგეთმა ადამიანმა, როგორ უნდა იმუშავოს მაგ სისტემაში?! საზოგადოებას როგორ უნდა დახვდეს?! ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ დადგინდეს სიმართლე, რატომ მოკლეს ჩემი შვილი", - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა, პროკურორი მარიამ გოგორელიანი ბულინგში დაადანაშაულა. მან ასევე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და გამოძიების არაეფექტიანობაზე ისაუბრა.

თამაზაშვილის განცხადების საფუძველზე, გენერალურმა ინსპექციამ პროკურორის სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. თავის მხრივ, გოგორელიანი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ბრალდებებს უარყოფდა. მოგვიანებით, თამაზაშვილის დედამ აღნიშნა, რომ პროკურორმა ბოდიში მოიხადა და ის საქმეს ჩამოაშორეს. 

 


close დახურვა