logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედა: დამატებითი კამერების ჩანაწერები გამოჩნდა, მათ ამოღებას დღეს აპირებენ

02 აგვ 202014:10
3 წუთის საკითხავი
clock 866

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის ადვოკატმა და დედამ შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვეს.

ჟურნალისტებთან საუბრისას ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ საქმეში ახალი კამერების ჩანაწერები ჩნდება, რომელთაც გამოძიება დღეს ამოიღებს.

თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მან გამოძიებისგან „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით პასუხები ვერ მიიღო, ის კითხვებზე პასუხების გაცემას პრემიერმინისტრისგან ითხოვს.

„გუშინ გავრცელებულ ვერსიასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, პასუხები ვერ მივიღე და ამიტომ ეს პასუხები მინდა მივიღო გახარიასგან. მუშაობენ სამსახურის ხაზით. მე განვაცხადე, რომ ეს ჩვეულებრივი მოკვდავის ჩადენილი მკვლელობა რომ ყოფილიყო, აქამდე გამოძიებული იქნებოდა. დამატებითი კამერები აღმოჩნდა, რომლებიც არ უნახავთ და დღეს აპირებენ იმ კამერების აღმოჩენას. საკალმახე „ადმირალთან“ არის რაღაც კამერები და ისინი უნდა დათვალიერდეს“, - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ახალი ჩანაწერების შესახებ გამოძიებამ მისგან გაიგო. როგორც რამიშვილი აცხადებს, კამერები არც ერთ შუამდგომლობაში და არც ერთ სასამართლო განჩინებაში მითითებული არ არის.

ადვოკატის თქმით, გამოძიება კამერებს დღეს ამოიღებს და გადაამოწმებს, იმყოფებოდა თუ არა ბაჩალიაშვილი ხსენებულ ტერიტორიაზე.

„ახალი მარშრუტი არსებობს, დღეს უნდა წავიდნენ. ეს მარშრუტი მე პირადად მივაწოდე, რადგან არც ერთ შუამდგომლობაში და სასამართლოს არც ერთ  განჩინებაში არ არის ეს კამერები მითითებული. უნდა წავიდნენ დღეს, ამოიღონ ყველაფგერი და გადაამოწმონ, ხონ არ იყო ამ ლოკაციაზე“, - განაცხადა რამიშვილმა.

 „შაბათის ფორმულას" წყაროს ინფორმაციით, ახალგაზრდა პროგრამისტმა ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას გახსნა საიდუმლო ფაილები. საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების, კერძოდ, 3 ადამიანის კომპრომატებზე.

რა შინაარსის იყო კომპრომატები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილმა ნახა,  უცნობია.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი  ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.


close დახურვა