logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედა: FBI-ის ჩართვა კონსულტაციების დონეზე ნამდვილად არ მაწყობს

05 აგვ 202011:23
3 წუთის საკითხავი
clock 474

„FBI-ის ჩართვა კონსულტაციების დონეზე ნამდვილად არ მაწყობს“, - ამის შესახებ განცხადებას თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აკეთებს. ბაჩალიაშვილის ოჯახი შსს-ში შეხვედრაზე მივიდა. გუშინ აშშ-ის საელჩოსთან გამართული აქციის შემდეგ, სადაც ოჯახმა საქმის გამოძიებაში FBI-ის ჩართვა მოითხოვა, შსს-მ მზადყოფნა გამოთქვა, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ეთანამშრომლა.

შეხვედრის წინ თეონა თამაზაშვილმა თქვა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ფედერალურმა ბიურომ მისი დაკარგვის დღიდან უნდა დაიწყოს.

„ჩემი კითხვები იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ჩართავდნენ FBI-ის საქმეში და ამის გამო მოვედი. გააჩნია, FBI-ის რა დონეზე ჩართავენ იმიტომ, რომ კონსულტაციების დონეზე მათი ჩართვა ნამდვილად არ მაწყობს. დაწყებული დაკარგვის დღიდან, დამთავრებული დღემდე FBI უნდა იყოს ჩართული. 

ყველაფერი უნდა გამოიძიოს ფედერალურმა ბიურომ - რატომ დაიკარგა თამარი, რატომ ვერ მოძებნეს 5 დღის მანძილზე, რატომ გასუფთავდა კომპიუტერი და ანალოგიურად, მანქანაც როცა გაიხსნება, შემდეგ გავიგებთ. ველოდებით ფედერალური ბიუროს ჩამოსვლას და ისე გაიხსნება. 

მაღალჩინოსნებთან არის დაკავშირებული, რადგან ამდენი ხარვეზია გამოძიებაში. არც ერთ კითხვაზე ჯერ პასუხი არ გაუციათ. ვნახოთ, რამდენ კითხვაზე გამცემენ პასუხს.

პირველი მოთხოვნა იქნება, დრონის კადრები მანახონ“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ამ წუთებში ხვდებიან.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.


close დახურვა