logo

ბენიამინ კასიმოვი: თავის დამკვიდრება არ უნდა გვიწევდეს, მაგრამ რეალობა სხვანაირია

clock 25 მარ 202022:52

მოძრაობა „სალამის“ აქტივისტმა ბენიამინ კასიმოვმა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ სოციალურ ქსელში გამოხატულ აგრესიაზე ისაუბრა.

როგორც კასიმოვმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტი საკარანტინო ზონებად გამოაცხადა, არაერთი "ფეიკნიუსი" გავრცელდა, რომლის მიზანიც, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების დისკრედიტაციაა.

კასიმოვის თქმით, საპასუხოდ, მისმა ორგანიზაციამ დაიწყო კამპანია, სახელწოდებით - „ნუ გვლანძღავთ! ვირუსს არა აქვს ეროვნება“.

„ჩვენ ადრეც შეგვეხდრია მსგავსი მიმართვები, მაგალითად ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით. თუმცა მაშინ ყურადღებას არ ვაქცევდით, მაგრამ დღეს გამოხმაურება საჭირო იყო. ამიტომ დავიწყეთ კამპანია. წესით ჩვენ არ უნდა გვიწევდეს ჩვენი თავის დამტკიცება, მაგრამ რეალობა დღეს სხვანაირია. ბევრი მითი ვრცელდება, მათ შორის ერთ-ერთი უკავშირდება კურთხევას. როგორც ვიცი ეს ეხება სასამართლო დავას, რომელიც გასაჩივრებულია მარნეულის მერის წინააღმდეგ მარნეულის ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსებზე. გამსაჩივრებელს მიაჩნია, რომ როცა ქალაქის 85%-ზე მეტი სხვა მრწამსისაა, არ შეიძლება რომ ბიუჯეტიდან მთლიანად გამოყოფილი იყოს დაფინანსება დომინანტი რელიგიისადმი. საქმე სხვანაირად შემოატრიალეს, თითქოს ვინმე კურთხევის წინააღმდეგ გამოვიდა, გაასაჩივრეს, და როგორც თვითონ ამბობენ, სასამართლომაც მოიცალა ამ ამბისთვის. სინამდვილეში სულ სხვა ამბავია ეს და სხვა დროიდან არის დაწყებული", - აღნიშნა კასიმოვმა.

მოძრაობა „სალამი“ კამპანიის ფარგლებში კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნასაც გეგმავს, რათა ადგილობრივები პანდემიის შესახებ მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებული.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა