logo
ENG



ბოკერია: ივანიშვილი აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას, საგანგაშო სიგნალებია პარტნიორებისგან

07 ივლ 202012:12
3 წუთის საკითხავი
clock 556

გიგა ბოკერია საგანგებო ბრიფინგს მართავს და ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებს. "ევროპული საქართველოს" ლიდერი აცხადებს, რომ დასავლელი პარტნიორებისგან საქართველოს მიმართ საგანგაშო სიგნალები მოდის.

როგორც ბოკერია განმარტავს, საპარლამენტო კონტროლის ფაქტობრივი გაუქმება და მარეგულირებლის მიერ მმართველის დანიშვნის ინიციატივა მიუთითებს, რომ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო დიდ ჩიხში შეიყვანს დემოკრატიას ქვეყანაში.

„ივანიშვილი აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას. იმის ნაცვლად, რომ დაეწია წნეხი მოქალაქეებზე და როცა ევროკავშირმა გაგვიხსნა საზღვრები, სწრაფად გაეხსნა საზღვრები, რომ სიღარიბეში არ გადავარდნილიყო ბიზნესი, კონკურენციაში ვყოფილიყავით ამ დროს - ვხედავთ ნაბიჯებს, რომლებიც ზიანის მომყენებელია.

ქვეყნის შიგნით ვხედავთ მცდელობას, რომ პარლამენტის კონტროლის გარეშე ჰქონდეთ შეზღუდვების დაწესების მცდელობა. უნდათ ჰქონდეთ კონტროლი სასამართლოს გარეშე, ყველა ლიცენზიიანს შეუზღუდონ მოღვაწეობის თავისუფლება და დაუნიშნონ მმართველი, პარალელურად კი აუქმებენ საპარლამენტო კონტროლს. კანონში წერია, რომ შეუძლიათ ეს ქმედება განახორციელონ ყველა ლიცენზირებული და ავტორიზებული სუბიექტის მიმართ - რომ არ იყოს ასე, ინტერნეტის კონტროლი ნაკლები პრობლემაა? სასამართლოს რატომ არ ენდობიან - უნდათ, რომ დროის დაკარგვაც არ დასჭირდეთ, ისე მოუსპონ მოღვაწეობის შესაძლებლობა კომპანიებს.

გვაქვს საგანგაშო სიგნალები პარტნიორებისგან - 2003 წლის შემდეგ არ გვქონია ეს, იმდენად ღრმაა ჩიხი, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა ქვეყანა.

ამ გუნდის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ეს რეგულაცია მარეგულირებლის შესახებ, ასევე ყველა შეზღუდვა, რომელიც ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებას, მოიხსნება. „ევროპული საქართველო“ იქნება ინიციატორი, რომ პოლიტიკური დევნის პრობლემები, პოლიტიკური მოტივით ბიზნესის, მათ შორის პარტნიორების ბიზნესის შევიწროების, ჩაბარდება წარსულს", - აცხადებს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესმა, შესაძლოა, საქართველოს დახმარებისთვის გამოყოფილი დაფინანსების 15%-ს შეუჩეროს მანამ, სანამ მთავრობა არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დემოკრატიის გასაძალიერებლად.

6 ივლისს კი დარეგისტრირდა ცვლილებები ორ - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში. 

მამუკა მდინარაძის ინიციატივით, მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება წლის ბოლომდე უნდა გაუგრძელდეს.

ხოლო მარეგულირებელ კომისიას, შესაძლოა, უფლება მიეცეს ლიცენზირებულ სუბიექტებში მმართველები დანიშნოს.


close დახურვა