logo
ENG



ბოკერია: პოლიტიკური ველურობაა, განსხვავებებზე ლაპარაკი დემოკრატიის პრობლემად მიიჩნიო

07 სექ 202014:04
3 წუთის საკითხავი
clock 553
8c2696oxa51xv0x.jpg

გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიების მიერ განსხვავებებზე ლაპარაკის დემოკრატიის პრობლემად შეფასება პოლიტიკური ველურობაა.

ბოკერია ევროპული საქართველოს საარჩევნო ბულკეტის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობას გამოეხმაურა - მასში ხაზგასმულია ის მიდგომები, რაც ამ პარტიას ნაციონალური მოძრაობისგან განასხვავებს. მოქალაქეების ნაწილმა ევსაქებს ეს არ მოუწონა. ბუკლეტის მეორე გვერდზე ევროპულ საქართველოსა და ქართულ ოცნებას შორის განსხვავებებია ხაზგასმული.

"ამომრჩევლებისთვის იმის თქმა, რით განვსხვავდებით სხვისგან, ბრძოლაა? ზოგადად, ეს არის პოლიტიკური ველურობა, როცა შენს კონკურენტს უნდა, რომ მოსწონდე და ამაზე ბრაზდება. ეს ემართებათ ხოლმე ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს ნაციონალურ მოძრაობაში. დიახ, ჩვენ შორის დიდი განსხვავებაა. მათ უნდათ, რომ 2012 წლამდე ვითარება იყოს, ჩვენ გვინდა ამ ვითარების - ივანიშვილის მმართველობის კატასტროფის შეცვლა, წინსვლა და გარდამტეხი ცვლილებები". - თქვა ბოკერიამ.

მისივე განცხადებით, ევროპული საქართველო ყველა ოპოზიციურ პარტიას კონკურენტად განიხილავს, ამასთან, ზოგიერთი კონკურენტი სხვებზე ძლიერია.

"ძალიან მნიშვნელოვანია, ამომრჩევლებმა იცოდნენ, გარდამტეხი ცვლილებების რა ხედვა, რა კომპასი გვაქვს ჩვენ, რა გზით მივდივართ, სად არის განსხვავებები.

როცა ვუჭერთ მხარს მაგალითად, მოქალაქეების უფლებას, საკუთარი, არა ძალით წართმეული საპენსიო შენატანები დაიბრუნონ, თუ ეს სურთ - ნაციონალური მოძრაობა ამას არ უჭერს მხარს და დაგვიპირისპირდა. მხოლოდ ეს არის, ამას ვაცნობთ ამომრჩევლებს.

პოლიტიკური ველურობაა, როცა ამ ტიპის კონკურენციის ცივილიზებული კამპანია ვიღაცას დემოკრატიის პრობლემად მიაჩნია. ეს დემოკრატიის არსია. პროპორციული არჩევნები ხომ ამიტომ გვინდოდა? რომ ჩვენ ყველა ერთმანეთის კონკურენტები ვართ, ოღონდ ეროვნული ამოცანა გვაქვს, რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ". - თქვა ბოკერიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, შეცვლილი საარჩევნო სისტემით გაიმართება. 150 მანდატიდან 30 მაჟორიტარებით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით.

მას შემდეგ, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ამ სისტემით ჩატარების შესახებ, 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეთანხმება გააფორმა, 30 ოპოზიციური პარტია შეეცადა, მაჟორიტარულ ოლქებში კოორდინირებული კანდიდატები დაესახელებინა.

საერთო კანდიდატებზე უარი თავდაპირველად ლელომ თქვა და ყველა მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატი დაასახელა, შემდეგ კი კოორდინაციაზე უარი ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა და მიუთითა, რომ რეგიონებში თავისი კანდიდატები ეყოლებოდა.

ოპოზიცია თავდაპირველად საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატზე თბილისის 8 ოლქში შეთანხმდა, თუმცა, ენმ-მ ეს პირობაც დაარღვია და თბილისში, ისნის ოლქში ხატია დეკანოიძე წარადგინა.


close დახურვა