logo
ENG



ბოკერია გახარიას პარლამენტში მისვლაზე: დაგვიანებულია და პარლამენტის უპატივცემულობაა

26 მაი 202010:07
3 წუთის საკითხავი
clock 336

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ხვალ საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს. სხდომას ბოიკოტის მიუხედავად ოპოზიცია მაინც დაესწრება. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ გახარიას პარლამენტში მისვლა დაგვინებულია.

ოპოზიციურ პარტიებს აინტერესებთ  როგორ შეძლებს სახელმწიფო ქვეყნის ეკონომიკის ამუშავებას და რამდენად საკმარისი იქნება პანდემიის გამო დაზარალებული პირებისთვის ერთჯერადი დახმარებები.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გახარიასთან კითხვები გაჩერებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც ექნებათ. 

„რა თქმა უნდა, დაგვიანებულია და ეს არის პარლამენტის უპატივცემულობა, სადაც თვითონ აქვთ უმრავლესობა და როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ, პარლამენტი მაშინაც უნდა ყოფილიყო ამაში ჩართული. მთავრობა ჯერ არანაირ ნაბიჯებს არ დგამს, რომ მოქალაქეებს გადასახადი და ტვირთი შეუმსუბუქოს. იქ, სადაც რთულია დიფერენციაცია,  იქ ეს აბსურდი, რომელიც მოიგონეს, რომ თვითონ უნდა დაამტკიცოს თვითდასაქმებულმა, რომელიც გამოიწვევს ქაოსს და უამრავი ადამიანი დარჩება დახმარების გარეშე, ეს არ შეიძლება. ამ საკითხებზე გვექნება ჩვენ საუბარი. ისევე როგორც შერჩევითობაზე, როგორც ეკონომიკას მოექცნენ და მიმდინარე საკითხზე,  საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაბრუნების გარეშე, ჩვეულებრივი მოქალაქის შანსები, რომ ოჯახი შეინახონ, ვერ აღდგება“, - აღნიშნა ბოკერიამ.

„კონსერვატიული“ პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძგური კი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აუცილებლად უნდა აღდგეს.

„რა ეშველება იმ ასი ათასობით ადამიანს, რომელიც კერძო ბიზნესშია დასაქმებული, რომლებიც ბაზრობებში, მიკროავტობუსის ბიზნესში, რესტორნების ბიზნესში და ა.შ. შოულობდნენ ოჯახის სარჩენ ფულს. რამდენად არის 200 და 300 ლარიანი დახმარება ამის კომპენსაცია, ეგ არის თემა. როგორ უნდა დადგეს ჩვენი ეკონომიკა მუშაობის რეჟმში, როგორ უნდა ჩადგეს ქვეყანა ნორმალურ რეჟიმში... რაც გინდა მკაცრი რეგულაციები დავაწესოთ, მაგრამ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უნდა იმუშაოს, რომ ადამიანებს ამოსუნთქვის საშუალება ჰქონდეთ“, - განაცხადა ძიძიგურმა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა იგი ვარაუდობს, რომ ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლოა ივნისის დასაწყისში მოხდეს. 

close დახურვა