logo
ENG



ბოკერია წულუკიანს: არავის უთქვამს, რომ ქართველი ხალხის ინტერესებს და აშშ-ს შორის ხინჯია

28 ივლ 202017:35
3 წუთის საკითხავი
clock 555
ბოკერია წულუკიანს: არავის უთქვამს, რომ ქართველი ხალხის ინტერესებს და აშშ-ს შორის ხინჯია

 

"ეს არის კლასიკური სიბრიყვე და უტიფრობა, არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს არ უთქვამს, რომ საქართველოს (ანუ ქართველი ხალხის ინტერესებს) და აშშ-ს შორის არის ხინჯი", - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას, რომ პომპეოსა და გახარიას შორის სატელეფონო საუბრის ფონზე "კიდევ უფრო სასაცილო ხდება" ოპოზიციის განცხადებები, თითქოს აშშ თავს ანებებს ქართველ ხალხს და პარტნიორობაში რაიმე სახის ხინჯი ჩნდება.

როგორც ბოკერიამ "ფორმულას" გადაცემაში "კომენტარი" განაცხადა, აშშ-სგან მომავალი გზავნილის გათვალისწინების და მათი მხარდაჭერის გარეშე, ქვეყანა წინ ვერ წავა:

"ქართულ საზოგადოებას რაც აწუხებს, ამას ხედავენ ჩვენი პარტნიორები და აუცილებლად თვლიან ამ მაღალი ტრიბუნიდან საჯაროდ ასეთი გზავნილების გაკეთებას, რომ გააფრთხილონ თავისი მეგობარი ქვეყანა პოლიტიკური მართლმსაჯულების და არათანაბარი საარჩევნო პირობების რისკებზე, რაც საფრთხეს შეუქმნის თავისუფალ არჩევნებს. ეს არ არის რუსული გზავნილი, რომ დედას გიტირებთ, თუ ასე არ იქნება. ეს არის გზავნილი, რომელიც უნდა გაითვალისწინო, იმიტომ, რომ ქვეყნისთვის ამ მხარდაჭერის გარეშე წინსვლა იქნება შეუძლებელი. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის არანაირი ხინჯი არ იყოს, ასეთი გზავნილები არ გვჭირდებოდეს და მათთან დისკუსია იყოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევაზე, ნატოში გაწევრიანების ახალი ტალღის დაწყებასა და უსაფრთხოების სფეროში ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადასვლაზე", - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი 27 ივლისს შედგა. საუბარი შეეხო მათ შორის მართლმსაჯულების სისტემას, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და დეოკუპაციის პოლიტიკას. სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შემდგომი ნაბიჯების გადადგმისკენ და გააფრთხილა ხელისუფლება სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზებაზე.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული საუბრის შესახებ საქართველოს მთავრობისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებში აქცენტები მნიშვნელოვნად აცდენილია. მთავრობის ხელმძღვანელობის განცხადებებში არსადაა საუბარი პომპეოს იმ გაფრთხილებაზე, რომელიც ოქტომბრის არჩევნებისა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზებას ეხება, რასაც თავად სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ.   


რას წერს სახელმწიფო დეპარტამენტი და თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა