logo
ENG



ბურჯანაძე: ერთიანი საქართველო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

01 ივლ 202022:16
3 წუთის საკითხავი
clock 586

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე გადაცემა პოლიტიკის ფორმულაში იმყოფებოდა სტუმრად, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, „ერთიანი საქართველო“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ბურჯანაძე ვარაუდობს, რომ ოქტომბრის არჩევნებში მისი პარტია სერიოზულ გამარჯვებას მოიპოვებს.

მისივე განცხადებით, ის ქართულ ოცნებასთან და ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციაში არ იქნება.

„ჩვენ ვაპირებთ დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა ამ არჩევნებში. ერთიანი საქართველო იქნება 3 ნომერი. ვთხოვ ადამიანებს, რომ სწორი ანალიზი გააკეთონ, შეხედონ პოლიტიკური პარტიების პლატფორმებს, გამოცდილებასაც, ქცევასაც და აქედან გამომდინარე მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. 

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სერიოზულად მოვიპოვებთ გამარჯვებას ამ არჩევნებში, დამოუკიდებლად, ყველას გარეშე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არავის არ ველაპარაკებით, ყველას ვეჩხუბებით და ქვებს ვესვრით, მაგრამ ჩვენ ვართ ხელისუფლების ოპონენტები, მე არ მაქვს აკვიატებული ხელისუფლების კრიტიკა. ზუსტად ვიცი, რატომ ვაკრიტიკებ ამ ხელისუფლებას, რატომ არის ხელისუფლება უსუსური, რატომ ვერაფერი ვერ გააკეთა და რისი შეთავაზება შეგვიძლია ჩვენ.

ჩემ თანაგუნდელებთან ერთად ვაპირებ, რომ კოორდინირებას მაჟორიტარებთან დაკავშირებით მხარი დავუჭირო იქ, სადაც ჩვენთვის მისაღები მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. 

რაც შეეხება კოალიციას, შემიძლია ვთქვა, რომ არ ვაპირებ ქართულ ოცნებასთან კოალიციაში ვიყო. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა განაცხადოს, რომ თუ ის ხელისუფლებას ებრძვის, ის არ უნდა იყოს კოალიციაში ქართულ ოცნებაში. არ ვაპირებ კოალიციაში ვიყო ნაციონალურ მოძრაობასთანაც“, - განაცხდა ნინო ბურჯანაძემ.


close დახურვა