logo
ENG



ბურჯანაძე: რუსული ბაზების პირობებში, ნატოს შემოყვანა საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება

20 ოქტ 202022:30
3 წუთის საკითხავი
clock 1306
4jmzxktjj534076.jpg

ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ნატოს ბაზების შემოყვანა საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, ვინაიდან, მისი აზრით, ასეთ დროს რუსეთი ბაზებს არ გაიყვანს. რუსეთთან ურთიერთობასა და პარლამენტში კოალიციაში შესვლაზე, ნინო ბურჯანაძემ ფორმულას გადაცემაში "საქართველო ირჩევს", ტაბულას კითხვის პასუხად ისაუბრა. 

"მე დღეს მივიჩნევ, რომ იმ ვითარებაში, როცა საქართველოს ტერიტორიაზე არის რუსული ბაზები, სხვა ბლოკში გაწევრიანება და სხვა ბაზების შემოყვანა, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა. ასეთ შემთხვევაში, რუსული ბაზები არასდროს არ გავა. ჩემი ამოცანაა რომ ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე არ იყოს არცერთი უცხო სახელმწიფოს ბაზა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში რუსული ბაზა უნდა გავიდეს" , - ამბობს ბურჯანაძე. 

მან, ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან საუბარი საჭიროა და პარლამენტში, კოალიციაში გაწევრიანება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მიზანი ექნება კონკრეტულ პარტიას:

"ევროპული ტიპის სახელმწიფო, მჭიდრო კონტაქტები დასავლეთთან და ამავდროულად, საუბარი რუსეთთან ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. 

ჩემთვის პირადად მთავარი კრიტერიუმი, კოალიციაში უნდა ვიყო თუ არა ვინმესთან, იქნება ის ვინმე მთავარ ამოცანად რას ისახავს. თუ მისთვის მთავარია ქვეყნის ერთიანობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატიული განვითარება და რეალური დამოუკიდებლობა, მაშინ ის ადამიანი ეცადოს მრავალმხრივ ფორმატში ელაპარაკოს რუსეთს, მე შევეცდები ორმხრივ ფორმატში ველაპარაკო და შევავსოთ ერთმანეთის ნაბიჯები". 

ნინო ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ მასსა და პატრიოტთა ალიანსს შორის "რადიკალური სხვაობაა".

"მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ მსგავსები ვართ, რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ძალები ვართ ჩვენ და პატრიოტთა ალიანსი. არ მგონია, რომ ამის ახსნა საჭირო იყოს". 

ნინო ბურჯანაძეს საქართველოში პრორუსული პოლიტიკის მომხრედ მიიჩნევენ, რასაც თავად არ ეთანხმება. იგი მოსკოვში პოლიტიკური ვიზიტით არაერთხელ ჩასულა. იგი პირადად ხვდებოდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. 2017 წლის 8 ნოემბერს DW-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ "ისურვებდა საქართველოს ისეთივე პრეზიდენტი ჰყავდეს, როგორიც პუტინია რუსეთში".

 


close დახურვა