logo
ENG



გაბუნია: აჭარაში პაციენტების ნაწილი ბინაზეა, მათ მეთვალყურეობას ოჯახის ექიმი უწევს

22 სექ 202016:04
3 წუთის საკითხავი
clock 306
გაბუნია: აჭარაში პაციენტების ნაწილი ბინაზეა, მათ მეთვალყურეობას ოჯახის ექიმი უწევს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესი უკვე დაწყებულია.

როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პაციენტებს ბინაზე მეთვალყურეობას ოჯახის ექიმები უწევენ. 

"აჭარაში უკვე მოხდა ისე, რომ პაციენტების ნაწილი არის ბინაზე და მათ მეთვალყურეობას უწევს ოჯახის ექიმი. ეს მოდელი არის აპრობირებული ბევრ ქვეყანაში და უკვე ჩვენც ეტაპობრივად ვამუშავებთ იმ დეტალებს, რაც საშუალებას მოგვცემს, ბინაზე მართვის მოდელი, რა თქმა უნდა, უსაფრთხოდ, ისე, რომ იყოს შესაფერისი საყოფაცხოვრებო პირობები, თვითიზოლაციის შესაძლებლობა და არ დადგეს ოჯახის წევრებს შორის ინფექციის გავრცელების რისკი, უსაფრთხოდ განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაშიც. კლინიკური სურათი და მდგომარეობის სიმძიმე ხშირ შემთხვევაში იძლევა შესაძლებლობას, რომ პაციენტი დარჩეს ბინაზე", - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკებში 1500-მდე პაციენტია მოთავსებული. 

"ამ დროისთვის კლინიკებში იმყოფება 1500-მდე პაციენტი. მათ შორის 1300-ზე მეტი არის კოვიდ ინფიცირებული და სასტუმროებში არის 563 ადამიანი, რომელიც კოვიდის გამო რჩება იქ", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

საქართველოში დღეს, 22 სექტემბერს, კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან განიკურნა 40 პაციენტი, 3 კი, გარდაიცვალა


close დახურვა