logo
ENG



გაგნიძემ მკითხა, სირბილივით მაგრად თუ იცით ცურვაო? - რა წერია ამირხანაშვილის ბოლო ჩვენებაში

19 აგვ 202022:52
3 წუთის საკითხავი
clock 4589
j8g2ltq60xlj8sy.jpg

"რადიო თავისუფლება" გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი მასალებიდან გამოკითხვის ერთერთ ოქმს აქვეყნებს, რომლის საფუძველზეც, გამოცემისვე ცნობით, სავარაუდოდ, 5 ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა და დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლი წარედგინა.

საუბარია საქმის ერთერთი მთავარი მოწმის, გარდაცვლილის მეგობრის, გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვის მეხუთე ოქმზე, რომელიც 2 აგვისტოთი თარიღდება.

"თავისუფლების" ცნობით, ამირხანაშვილი გამომძიებელს უხსნის, რომ წინა ოთხი გამოკითხვისას ის სტრესულ მდგომარეობაში იყო და ზოგიერთი დეტალის გახსენება მხოლოდ მოგვიანებით შეძლო.

ჩვენებაში ამირხანაშვილი დეტალურად იხსენებს 19 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს და ფრაზებს, რომლებიც მას თბილისისკენ გზად "ტოიოტა ქამრიში" მჯდომს უთხრეს ან გაიგო.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ჩვენებაში ამირხანაშვილი ყვება, რომ "ტოიოტა ქემრიდან" გადმოსული მდევრებისგან თავის დასაღწევად ფერადი შენობის უკან შეირბინა და "ორმოს მსგავს დაბლობზე" ჩავარდა, საიდანაც მალევე ამოვიდა და დაინახა, რომ "ტოიოტა ქემრის" სამი მგზავრი - ვახტანგ ჩიქოვანი, ა.ქ. და ზ.ხ, მეორად საავტომობილო გზაზე სწრაფი სირბილით და გინებით ჩარბოდნენ. ამირხანაშვილი ამბობს, რომ ისინი სწორედ იქით გარბოდნენ, სადაც მანამდე მდევრებისგან გაქცეულმა ვახტანგ ახვლედიანმა და გიორგი შაქარაშვილმა ჩაირბინეს.

ჩვენების მიხედვით, 7-8 წუთის განმავლობაში ამირხანაშვილი კვლავ ბუჩქებში ჩაიმალა, რადგან ავტომობილის კიდევ ორი მგზავრი და მძღოლი არ ჩანდენენ და შეშინდა. შემდეგ არაგვის ხიდის ქვემოდან, მეორადი გზიდან მომავალი ხმა მოესმა, ამჯერად გინების გარეშე. როგორც ამირხანაშვილი ყვება, ეს პირები ყვიროდნენ, რომ დამალულები გამოსულიყვნენ და მათ არაფერს დაუშავებდნენ.

ამირხანაშვილის თქმით, იმ პირებმა, ვინც ახვლედიანსა და შაქარაშვილს გაეკიდნენ, შენობას შემოუარეს და მას მიაგნეს, "დაღლილებმა და აფორიაქებულებმა". შემდეგ მათთან "ქემრი" გაჩერდა, მალევე კი ხიდის ქვემოდან, მეორადი საავტომობილო გზიდან ამომავალი კიდევ ორი მდევარი დაინახა - ამირხანაშვილის თქმით, ესენი იყვნენ არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი.

ჩვენების მიხედვით, გაგნიძემ დანარჩენებს მკაცრად უთხრა, რომ ამირხანაშვილი მანქანაში ჩაესვათ და თბილისისკენ წამოვიდნენ.

დიალოგის დეტალები, რომელთაც ამირხანაშვილი ბოლო გამოკითხვისას იხსენებს, შემდეგია:

"არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა, "როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?". აღნიშნული შეკითხვისთვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, იმ მომენტში ვერაფერთან დავაკავშირე, რადგან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი ჩემ მეგობარ გიორგი შაქარაშვილზე. ასევე მგზავრობისას, როგორც მახსოვს, უკან მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა ახსენა შემდეგი შინაარსის სიტყვები, "რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული", ვის გულისხმობდა ის, არ ვიცი", - წერია გურამ ამირხანაშვილის ჩვენებაში.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. გარდა ამისა, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი ვიდეო-რეკონსტრუქცია გაავრცელა. პროკურატურის ვერსიით, შაქარაშვილი სასტიკად სცემეს, შემდეგ კი, მდინარეში გადააგდეს. პროკურატურის სრული განცხადება იხილეთ აქ.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს" ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს


close დახურვა