logo

გამყრელიძე და ცერცვაძე ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, კოვიდ-19 ქვეყანაში უფრო ადრეც არსებობდა

clock 06 მაი 202010:55

შესაძლოა, საქართველოში კორონავირუსი უფრო ადრეულ პერიოდში არსებობდა, ვიდრე ეს ოფიციალურად დადასტურდა. ამას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ვარაუდობენ.

ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ ფაქტის დასადგენად შესაბამისი კვლევის ჩატარება სამომავლოდ იქნება შესაძლებელი, თენგიზ ცერცვაძე კი, ამბობს რომ ამ ეტაპზე მხოლოდ იმის დადგენა შეუძლიათ,  აქვს თუ არა გადატანილი პაციენტს კორონავირუსი.

„ეშმაკს არსად არ სძინავს. იცით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს დაადასტურეს, რომ მანამდე იყო საფრანგეთში. კოვიდი უკვე იმდენად გლობალური პრობლემაა, არ გამოვცრიცხავ, რომ შეიქმნას ამის საშუალება, რომ რეტროსპექტულად იქნეს შესწავლილი. ადამიანებში G ანტისხეულები წარმოიშვა დეკემბრის შემდეგ თუ მანამდე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უსიმპტომო პაციენტებზეც საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში ასეთი ადამიანების რაოდენობა მცირეა.

„იყო თუ არა დეკემბერში, ნოემბერში და უფრო ადრე, ამას ვერავინ გეტყვით, რადგან ის ტესტები, რომელიც ახლა კეთდება, შეიძლება ითქვას, რომ პაციენტს აქვს უსიმპტომოდ კოვიდი ან გადატანილი აქვს, მაგრამ მან ის იანვარში და თებერვალში გადაიტანა თუ თებერვალში, ამის გარჩევა შეუძლებელია. ზოგადად კოვიდიანი პაციენტები რაოდენობით მეტია, ვიდრე ეს ოფიციალურად არის დადასტურებული. არსად 100% ადამიანების გამოკვლეული არ არის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა