logo

გამყრელიძე კოვიდსასტუმროში გარდაცვლილზე: თრომბოემბოლია იწვევს უეცარ სიკვდილს, ექიმი უძლურია

clock 9 clock 4997 clock 15 ოქტ 202021:47
გამყრელიძე კოვიდსასტუმროში გარდაცვლილზე: თრომბოემბოლია იწვევს უეცარ სიკვდილს, ექიმი უძლურია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმის კოვიდ სასტუმროში 41 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბოემბოლია გახდა.

როგორც გამყრელიძემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა, თრომბოემბოლია უეცარ სიკვდილს იწვევს და ამ დროს ექიმები უძლურები არიან.

"სამწუხაროდ, მედიცინაში 100%-იანი არაფერი არ არის. ვისაც ექიმად უმუშავია და სამწუხაროდ უეცარ სიკვდილს შესწრებია, ეს არის როცა შენ, ექიმს, არაფერი არ გძალუძს. დიდი ალბათობით, როგორც ჩემი კოლეგები აჭარიდან მეუბნებიან, იქ იყო თრომბოემბოლია, რომელიც იწვევს უეცარ სიკვდილს", - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება კითხვას, კოვიდ სასტუმროს ნაცვლად პაციენტის საავადმყოფოში მოთავსების შემთხვევაში იქნებოდა თუ არა შესაძლებელი მისი გადარჩენა, გამყრელიძემ უპასუხა, რომ თრომბოემბოლიის დროს მცირედი შანსი მხოლოდ მაშინ არსებობს, თუ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია.

"ეს განვითარდება სასტუმროში, ქუჩაში თუ სამედიცინო დაწესებულებაში, მნიშვნელობა არ აქვს. რაღაც პატარა შანსი არსებობს, თუ ის ვითარდება რეანიმაციულ განყოფილებაში", - განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარაში დღეს, 15 ოქტომბერს, კორონავირუსით ინფიცირებული 41 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი კოვიდ სასტუმროში იყო მოთავსებული, რადგან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 14 440 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 367 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა