logo
ENG



გახარია: ყველაფერი, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა

04 აპრ 202015:20
3 წუთის საკითხავი
clock 763

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება. მისი განცხადებით, ყველაფერი, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, არის მისი პირადი პასუხისმგებლობა, რადგან ქვეყანა და სახელმწიფოს ინსტიტუტი თავდასხმისგან გადაარჩინა.

მისივე განცხადებით, 20 ივნისის ღამეს არცერთი უკანონო ბრძანება არ გაცემულა და პოლიციელებს რეზინის ტყვიების გამოყენების ლეგიტიმური უფლება ჰქონდათ.

„გავეცანი სახალხო დამცველის დასკვნას 20 ივნისთან დაკავშირებით და მე იქ ახალი ვერაფერი ვნახე; ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება, რაც ამ დასკვნამ დაადასტურა.

პროპორციულობის ნაწილში ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ თუ არის ძალაუფლების გადამეტების ცალკეული შემთხვევები, არსებობს პროკურატურა, სასამართლო და მოგეხსენებათ, რამდენიმე შემთხვევაში სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია. არცერთი უკანონო ბრძანება იქ არ გაცემულა და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიციელებს, რომლებმაც თავდაცვის მიზნით შეიძლება რეზინის ტყვიები გამოიყენეს, ამის ლეგიტიმური უფლება ჰქონდათ. პროპორციულობის ნაწილში შევთანხმდით და ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის გამოძიების საგანი.

ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა და ჩვენ ყველამ ერთად მაშინ გადავარჩინეთ ქვეყანა, სახელმწიფო ინსტიტუტი თავდასხმისგან, ქალაქიც და ჩვენი ქვეყნის მომავალიც დიდი არეულობისგან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სახალხო დამცველის ანგარიშში, 2019 წლის 20-21 ივნისის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება არასათანადო მოპყრობის პროცედურული ვალდებულების ჭრილშია განხილული.

ნინო ლომჯარიას მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ შეკრების თავისუფლებით სარგებლობის კუთხით არსებული პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების ფონზე გამოვლინდა.


close დახურვა