logo

გახარია: ევროკავშირის სახელმწიფოებთან განვაგრძობთ კონსულტაციებს, რათა უსაფრთხოდ შევძლოთ მოქალაქეთა მიმოსვლის უზრუნველყოფა

clock 30 ივნ 202022:14
e474rzghdncmy5t.jpg

საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია ევროსაბჭოს მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველო უშუალოდ ევროკავშირის ქვეყნებთან განაგრძობს აქტიურ კონსულტაციებს, რათა ეტაპობრივად შეძლოს მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

„საქართველოს ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური, მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმ წარმატების, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხალხს და ხელისუფლებას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით.

ახლა უკვე, ჩვენ უშუალოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან განვაგრძობთ აქტიურ კონსულტაციებს, რათა ევროკავშირის მხრიდან გამოქვეყნებული ამ დოკუმენტის შესაბამისად, კოორდინირებულად, ეტაპობრივად და შეთანხმებულად შევძლოთ მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით, მადლობას ვუხდი ევროკავშირს აღიარებისთვის, ნდობისთვის და სტრატეგიული პარტნიორობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპულმა საბჭომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა - ჩამონათვალს საბჭო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

როგორც საბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ, ჩამონათვალშია ის 14 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნას ევროკავშირი 1-ლი ივლისიდან აპირებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში, რომელიც წინ უსწრებდა სიის გამოქვეყნებას ნათქვამია, რომ საქართველო ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს. აღნიშნულ განცხადებებამდე ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საქართველოს რეგულარული ფრენები, შესაძლოა, ივლისის ბოლომდე არ აღედგინა.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა