logo
ENG



გახარია: სააღდგომო ლიტურგიას თვალყურს სახლიდან ტელევიზორით ვადევნებ

04 აპრ 202017:42
3 წუთის საკითხავი
clock 589
7ex48f3wzpks7vz.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას არ აპირებს. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც პრემიერმა განმარტა, ის წირვა ლოცვას სახლიდან, ტელევიზორით ადევნებს თვალყურს. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება სამოქალაქო პასუხისმგებლობით არის განპირობებული, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. 

"ჩვენ ეკლესიასთან ერთად ყოველთვის ვიპოვით იმ დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ჩვენი მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესში იქნება და ასევე ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესსაც გაითვალისწინებს. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან ტელევიზორით. ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, როგორც ცალკე აღებული მოქალაქის, ისევე როგორც მთავრობის ხელმძღვანელის და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ ყველა მოვიქცეთ ასე. ჩვენ ჩვენი რწმენა შეგვიძლია ისე აღვასრულოთ, რომ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების, მშობლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს", - განაცხადა გახარიამ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 31 მარტიდან საგანგებო რეჟიმი და ე.წ. კარანტინის საათი მოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში მიიღო. ამ განკარგულების თანახმად, მოქალაქეებს 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ. გარდა ამისა, მათ სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჭიროების არ არსებობის შემთხვევაში, გარეთ არ გავიდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე იმოქმედებეს.

მიუხედავად კოვიდ-19-ის პანდემიისა საპატრიარქომ ტაძრებში ზიარების წესი არ შეცვალა, თუმცა მოგვიანებით პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს მიმართა. პატრიარქის თქმით, ეკლესიის კარის დახურვა შეუძლებელია. მან საზოგადოებას დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა, ხოლო სასულიერო პირებს ტაძრებსა და მონასტრებში განთავსებული ხატების ხშირი გაწმენდა ურჩია.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის გარდა, სააღდგომო ლიტურგიას მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც არ დაესწრებიან. მაგალითად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სააღდგომო ლიტურგიას თვალყურს სახლიდან, ტელევიზორით ადევნებს. მთავრობის წარმომადგენლებს ასევე შეუერთდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძეც.

რაც შეეხება ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობას, კორონავირუსით ინფიცირების სულ 157 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 28 ადამიანი უკვე განიკურნა, ხოლო 4 აპრილს საქართველოში ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.


close დახურვა