logo
ENG



გახარია: საქართველო და აშშ სანდო და საიმედო სტრატეგიული მოკავშირეები არიან

04 ივლ 202010:26
3 წუთის საკითხავი
clock 722
giqv2q0arwlfheg.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრემიერის განცხადებით, ეს დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, როგორც დღე, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის და თავისუფლების სიმბოლოა ყველასთვის, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს.

მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ სწორედ ამ ღირებულებებით ხელმძღვანელობს ქართველი ერი, რომელიც მტკიცედ ადგას თავისუფლების, დემოკრატიის განმტკიცების, ძლიერი ეკონომიკის მშენებლობის და თავისი მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზას.

„ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ მიზნების მისაღწევად ჩვენ ერთად ვმუშაობთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ამ პროცესში ურყევი მხარდაჭერისთვის. თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში აშშ მხარში უდგას საქართველოს. ჩვენ ერთად დავძლიეთ ბევრი გამოწვევა, მივაღწიეთ ბევრ მიზანს და ბევრი ერთობლივი წარმატების მომსწრენიც გავხდით. დღეს მსოფლიო გლობალური გამოწვევის წინაშე დგას. როგორც ყოველთვის, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწიეს. მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და ამ ბრძოლიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვალთ, როგორც სახელმწიფოები, როგორც პარტნიორები და მოკავშირეები“, - აცხადებს გიორგი გახარია.

პრემიერის შეფასებით, საამაყოა, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა.

„ჩვენ მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიეთ საკვანძო სფეროებში და უმაღლეს დონეზე ავიყვანეთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის კუთხით. ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები დღითიდღე ძლიერდება. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ კიდევ უფრო დიდ პოტენციალს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოიზიდოს მეტი ამერიკული ინვესტიცია და კომპანია საქართველოში. უხილავ მტერთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოში გვაქვს გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვასთან, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასთან, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვასა და ეკონომიკის აღორძინებასთან. ამიტომაც ვიცით, რომ არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ საფრთხეებთან გამკლავება“, - აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მხარდაჭერისა და გაწეული ძალისხმევისთვის მადლობას უხდის აშშ-ის საელჩოს და ახალ ელჩს, კელი დეგნანს.


close დახურვა