logo

გახარიას თქმით, დაჯარიმდებიან ბარები, რომლებმაც სივრცე "თითქოს პოლიტიკურ პროცესებს დაუთმეს"

19 ოქტ 202013:55
3 წუთის საკითხავი
clock 6 clock 885

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ დაჯარიმდება ყველა ის ბარი, რომელმაც თავისი სივრცე "თითქოს პოლიტიკურ პროცესს დაუთმო" და "ღამის კლუბებსა და რესტორნებში იმ ადამიანების შეტყუება სცადა, რომლებიც რისკებს ბოლომდე ვერ აცნობიერებენ".

გახარიას თქმით, ფაქტების განმეორების შემთხვევაში მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. 

პრემიერმინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელ ბარს და პარტიას გულისხმობს, თუმცა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საბაბით ბარებისა და რესტორნების 22:00 საათიდან დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, გირჩმა რამდენიმე ბარი პარტიის შტაბად გადააქცია. პოლიტიკურ პარტიებს და აქტივობებს შეზღუდვები არ ეხება. 

გახარია ამბობს, რომ პასუხისმგებლობა კერძო კომპანიებს ეკისრებათ და არა პარტიას. 

"ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები უნდა გადავინაწილოთ. რესურსები შევაფასოთ და ერთად გავიაროთ ეს ყველაფერი. კიდევ ერთი მომენტია: რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა რამდენიმე კომპანიამ სცადა, რაღაც შეფერილობებით, თითქოს პოლიტიკურ პროცესში იღებდნენ მონაწილეობას, მუშაობა გაეგრძელებინათ. პირადად გეუბნებით, გპირდებით: ყველა იქნება დაჯარიმებული. თუ ეს შემთხვევები გაგრძელდება, მეორე შემთხვევა არის სისხლის სამართლის საქმე და ყველგან აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა კომერციულ კომპანიებზე. ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ არის სახუმარო. ვსაუბრობთ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. და ზოგ შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს ჯერ კიდევ არ აქვთ გაცნობიერებული რისკის ხარისხი, ამით მანიპულირება და მათი შემოტყუება კლუბებსა და ღამის რესტორნებში კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა, ეს არის კონკრეტული კომპანიების პასყუხისმგებლობა და მათ მოეთხოვებათ პასუხი, უმკაცრესი", - თქვა გახარიამ ბრიფინგზე. 

ბარებში, რომლებიც გირჩის შტაბებად გადაკეთდა, პოლიცია რამდენჯერმე მივიდა და სცადა, 22:00 საათის შემდგომ იქ ხალხის ყოფნის მიზეზი გაერკვია. დღეს, 19 ოქტომბერსაც, ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა ბარების მეპატრონეები უკვე დაიბარეს. 

"იმ ბარების მეპატრონეები დაიბარეს, სადაც შტაბები გვაქვს, საქმეები გვაქვს აღძრულიო​. გვეუბნებიან, რომ შტაბში შეკრების უფლება გვაქვს, ლაპარაკის უფლება გვაქვს, ალკოჰოლის მიღების უფლება გვაქვს, მაგრამ არ გვაქვს ალკოჰოლის გაყიდვის უფლება. ანუ, საკუთარი ბოცებით რატომ არ დაგაქვთ შტაბში სასმელიო

კიდევ უფრო გასაგები რომ იყოს:

მე რომ ვიპოვო მულტიმილიონერი დამფინანსებელი, რომელიც გირჩს ჩაურიცხავს ბევრ ფულს, მერე ამ ფულით ვიყიდო ასობით ლიტრი არაყი, დავარიგო შტაბებში, მხარდამჭერებთან ერთად დავლიო და თან ვილაპარაკოთ - მაგაზე პრობლემა არ არის.

ათი საათის მერე ალკოჰოლში ფულს რა პონტში იხდითო - ამას გვედავებიან. არჩევნებამდე 12 დღით ადრე, ამაზე რატომ უნდა ვკარგავდეთ მთელი გირჩი დროს? ეს თუ არაა კამპანიაში ხელის შეშლა, აბა რა არის? ბანერებზე ჩასაჩქმეტი ლოყები არსად დაგეკარგოთ", - დაწერა ჯაფარიძემ ფეისბუქზე.



close დახურვა