logo
ENG



გახარია აშშ-ს დახმარების შესაძლო შეჩერებაზე: ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის

10 ივლ 202010:53
3 წუთის საკითხავი
clock 1069

„ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის“ - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ის შესაძლო შეჩერებას.

გახარიასვე თქმით, ზოგიერთი "ვაი პოლიტიკოსი" საქართველოში უცხოელი პარტნიორების შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში "ჩათრევას" ცდილობს.

„ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. ის პუნქტები, რომლებიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმა კარგად იციან. სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკური შიდა დაძაბულობა, როგორც ჩანს გარეთაც გადის. მსგავსი ინტერპრეტაციები მახსოვს, როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ცვლილებების მიღების შემდგომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი, დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს.   

წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, სრულად, გახსნილად, ღიად და კონკურენტულ გარემოში.

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. მათ მიერ ნათქვამი თითოეული საკითხი ჩვენთვის არის ყურადსაღები. ეს პროცესია, სამწუხაროდ ეს პროცესი ზოგიერთი ჩვენი ვაი პოლიტიკოსის გამო ხდება მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეული ამ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში. 

ქართული ოცნებისთვის სიგნალი არის ის შეფასებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, საერთაშორისო პლატფორმებზე გაკეთებულა“, - ამბობს გახარიამ.

9 ივლის აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ. კანონპროექტის ნაწილია საქართველოსთვის დაფინანსების 15% შეჩერება, თუ ის გაწერილ პირობებს არ დააკმაყოფილებს. 

კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაუჭიროს. 

პირობებს შორის არის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, კორუფციასთან ბრძოლა, კანონის უზენაესობის დაცვა კერძო სექტორში. დამატებაში, რომელიც დოკუმენტს ერთვის, ასევე წერია, რომ უნდა შემცირდეს პოლიტიკურ პროცესებზე ოლიგარქების არაფორმალური გავლენა.


close დახურვა