logo
ENG



გახარია რთველის სუბსიდირებაზე: რქაწითელის და კახური მწვანეს ფასი 80 თეთრზე ნაკლები არ იქნება

09 ივლ 202011:54
3 წუთის საკითხავი
clock 594
xuheuzueww502v9.jpg

მთავრობამ მოახდენს რთველის სუფსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მიღებული.

„თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი აუცილებლობა გახდა. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ქართველმა მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართულ ყურძენზე მინიმალური ფასი, რქაწითელზე და კახურ მწვანეზე იქნება 80 თეთრი. ეს ის მინიმალური შესაძლებლობაა კრიზისის პირობებში, რაც ჩვენ შეგვიძლია დღეს დახმარების სახით გავუწიოთ ქართველ მევენახეებს", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ მოახლოებულ რთველზე საუბრისას აღნიშნა, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი საზრუნავი ობიექტი სოფელი, ფერმერი და ქართველი გლეხია.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტებით ამ ადამიანებს დავხმარებოდით, ქართველი ფერმერი გაგვეძლიერებინა კრიზისის პირობებში. გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში, ყველას მოგეხსენებათ, როგორ ვითარდება მევენახეობა და მეღვინეობა. 2019 წელი იყო რეკორდული, როდესაც საქართველოდან 94 მილიონი ბოთლის ექსპორტი მოხდა. რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებაც იზრდებოდა. საერთოდ, მეღვინეობა, ქართული, ექსპორტში 2012 წელს დაახლოებით იყო 2.5 პროცენტი, დღეის მონაცემებით, ეს არის 6 პროცენტი. ეს არის ძალიან სერიოზული დინამიკა განვითარების, დარგის ზრდის. ამიტომ, შეუძლებელი იყო ჩვენ ყურადღება არ მიგვექცია ამ დარგისთვის და ანტიკრიზისული გეგმა, სპეციალურად მევენახეებისთვის არ მოგვემზადებინა, განსაკუთრებით რთველის პირობებში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


close დახურვა