logo
ENG



გახარია შაქარაშვილის საქმეზე: უახლოეს დღეებსა და საათებში ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს

03 ივლ 202012:26
3 წუთის საკითხავი
clock 488

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უახლოეს საათებში და დღეებში, ყველა დასმულ შეკითხვას, შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ. პრემიერი საგამოძიებო უწყებებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა საზოგადოებაში ამ საქმესთან არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

მისივე განცხადებით, ზოგიერთი ადამიანი ადამიანის ტრაგედიას პოლიტიკური კონიუნქტურისთვის იყენებს, რაც დაუშვებელია.

„სამწუხაროა, რომ რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ზოგიერთები ცდილობენ ადამიანების ტრაგედიები პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ. ეს რომ არ მოხდეს, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს პირდაპირი ვალდებულება აქვთ ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ უმოკლეს ვადებში არ დატოვონ არცერთი კითხვის ნიშანი. ბოლო მოქალაქესაც, რომ ჰქონდეს დაუსაბუთებელი კითხვა, ამ კითხვაზე სასწრაფოდ უნდა იყოს პასუხი გაცემული. 

მე პირადად და ჩვენ ამის ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს. ჩვენ ჩვენი გაკევთილები უნდა ვისწავლოთ. უახლოეს საათებში და დღეებში, ყველა დასმულ შეკითხვას საზოგადოების მხრიდან, შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ“, - განაცხდა გიორგი გახარიამ.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

გარდა ამისა, უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი. 

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

დაკავებული პირებიდან არცერთი ბრალს არ აღიარებს, მათი ადვოკატები აცხადებენ, ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.

ფეხბურთელი 19 ივნისს გაუჩინარდა, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა