logo

გიორგი თარგამაძის Op-Ed: ხელოვნურ სუნთქვაზე შეერთებული ეკონომიკა

clock 10 clock 545 clock 27 სექ 202019:51

როდესაც თავი გაუსაძლისად გტკივა, პირველი რაც თავში მოგდის - ტკივილგამაყუჩებელია. მისი მიღება, პრობლემას დროებით აგვარებს. თუმცა თუ მკურნალობას ტკივილგამაყუჩებლით გააგრძელებ, შედეგად მეტ ტკივილსა და დაავადებულ სხეულს მიიღებ. თავის ტკივილი ხშირ შემთხვევაში სიმპტომია სხვა უფრო სერიოზული დაავადებისა, რომელსაც შესაბამისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა სჭირდება.

ამ კვირაში ლარმა გაუფასურების ყველა ანტირეკორდი მოხსნა: დოლართან 27, ევროსთან კი 21 თეთრით გაუფასურდა. ბოლო 8 წლის განმავლობაში ეროვნულმა ვალუტამ მსყიდველობითი უნარის თითქმის ნახევარი დაკარგა და დოლართან მიმართებით 100%-ით დაეცა, რაც საქართველოს თითოეული მოქალაქის თავის გაუსაძლის ტკივილად იქცა.

თუმცა, ეს თავის ტკივილი მხოლოდ სიმპტომია იმ უმძიმესი დაავადებისა, რაც დღეს საქართველოს ეკონომიკას სჭირს. არადა სიმპტომები უკვე დიდი ხანია ჩანდა და ძლიერდებოდა. ქართული ოცნების ხელისუფლებამ იმის ნაცვლად რომ ლარის გაუფასურება ეკონომიკის სერიოზული პრობლემების მანიშნებლად მიეღო და მისთვის გადასახადების დაწევით, დემონოპოლიზაციით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებით, სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობის გაძლიერებითა თუ სხვა ეფექტური მეთოდებით ემკურნალა, ყველაფერი გარე შოკებს, ნაციონალურ მოძრაობასა და მოსახლეობას დააბრალა, და ლარის გაუფასურების შეჩერება, სრულად დამორჩილებულ ეროვნულ ბანკს აკიდა.

შედეგი სავალალოა: თითქმის გაორმაგებული ფასები, განახევრებული უცხოური ინვესტიციები, მკვეთრად გაზრდილი სახელმწიფო ვალი, გაჩერებული ბიზნესი, გაღატაკებული მოსახლეობა და ხელოვნურ სუნთქვაზე შეერთებული ეკონომიკა, რომელიც დღეს ამ ქვეყნის ყველაზე დიდი თავის ტკივილია და რომლის მკურნალობასაც, ხელისუფლება კვლავ ტკივილგამაყუჩებლით ანუ სავალუტო ბაზარზე რეგულარული ინტერვენციებით აგრძელებს.

ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ყოველ შემდეგ ჯერზე გაძლიერებული ტკივილის გასაყუჩებლად წამლის მეტი დოზა ანუ მეტი ვალუტა იქნება საჭირო, რაც დაცარიელებულ სავალუტო რეზერვებს, კუპონად ქცეულ ლარს და ბოლომდე ჩამოშლილ ეკონომიკას ნიშნავს.

ეს კი შესაძლოა ახალგაზრდებისთვის ბუნდოვანი და არასასიამოვნო მომავალის მოლოდინს ქმნიდეს, მაგრამ 90-იანი წლების გამოვლილი მოსახლეობისთვის კრედიტის მომსახურების გაძვირებაზე მეტს: სრულ სოციალურ ქაოსს, დანაზოგის დანაკარგს, გაურკვეველ მომავალსა და უმძიმეს სტრესს ნიშნავს, რომლის შედეგებიც დღემდე ვერ მოგვიშუშებია და არათუ იგივეს, მასთან მიახლოებულის ხელახლა გადატანის ალბათობაც კი საზარელ განცდას იწვევს.

ოცნების საარჩევნო ბანერები და პლაკატები მართლაც გამოირჩევა ხარისხით: ხასხასა მწვანე ფონზე მომღიმარი ბიძინა ივანიშვილი და დანარჩენები კარგი ფოტოგრაფის დამსახურებით შერჩეული ნათელი ტონებით და ჯანმრთელი, ნაპატივები სახეებით, აშკარად ცხოვრებისგან კარგად ნასიამოვნებ ადამიანებს გვაჩვენებენ. თუმცა არსებობს დღევანდელი საქართველოს მმართველი ელიტის სახისა და ნამოქმედარის სხვა, უფრო ზუსტად ამსახველი, რადიკალურად განსხვავებული და მრავლისმთქმელი სურათიც - ჩვენს დიდსა თუ პატარა ქალაქებსა და დაბებში, მათ შორის "აყვავებულ" და "მისაბაძ" საჩხერეში გადამცვლელი პუნქტების აბრებზე გამოტანილი ეროვნული ვალუტის კურსი. სწორედ ეს არის ქართული ოცნების ყველაზე ნამდვილი და ნაღდი საარჩევნო პლაკატი!

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა