logo
ENG



გოცირიძე: დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე პასუხი უნდა აგოს პრეზიდენტმა და მთავრობამ

04 ივნ 202017:25
3 წუთის საკითხავი
clock 387

დავით გარეჯში არსებულ ვითარებას პოლიტიკოსები აფასებენ. პოლიტიკურ წრეებში მოსალოდნელი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მკვეთრი და ხისტი განცხადებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს, რადგან ეს მოლაპარაკებებისთვის ხელის შემშლელი იქნება.

„ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, მოვერიდებოდი. ჩვენ მსგავსი განცხადებებისგან თავს ვიკავებთ და ვფიქრობთ, ჩვენი კოლეგებიც ამ სტანდარტში და ჩარჩოებში ჩაჯდებიან. მოვუწოდებ მათ, დაიცვან ეს ეტიკეტი, როდესაც მეგობარ ქვეყნებზეა საუბარი და მეზობლებზე, ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და გარკვეულმა საკითხებმა, რომელიც არც თუ მცირე მნიშვნელობისაა რბილად რომ თქვათ, რაღაც ელემენტარულ კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებითაც კი არ უნდა გააფუჭოს რაიმე პატარა ნიუანსიც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ გარეჯში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და მთავრობას ეკისრება, თუმცა მისივე თქმით, თავშეკავება აზერბაიჯანულ მხარესაც მართებს.

„დავით გარეჯში არის ძალიან მძიმე ვითარება, გაცილებით უარესი ვიდრე ის იყო ერთი წლის წინ და ამას საფუძველი დაუდო საქართველოს პრეზიდენტის უპასუხისმგებლობა ქმედებებმა და განცხადებები. შექმნილ ვითარებაში პასუხი უნდა აგოს ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა და მთავრობამ. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანულ მხარესაც მართებს თავშეკავება და გარეჯის საკითხი უნდა იყოს გადაჭრილი ობიექტურად“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საკითხზე დღეს კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დავით გარეჯთან დაკავშირებით რაიმე სახის პროვოკაციას არ ელოდებიან.

„დავით გარეჯის კონტექსტში იმ ნაწილზე, რომელზეც ვსაუბრობთ, არის საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეუთანხმებელი ტერიტორია. ამ ტერიტორიულ ნაწილთან დაკავშირებით კომისიის ფორმატში მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებების პროცესი სახელმწიფოებს შორის და მნიშვნელოვანია, რომ ეს სენსიტიური ინფორმაცია ამ ჭრილში იქნას განხილული. რაც შეეხება სასაზღვრო პოლიციას, მაქსიმუმს გავაკეთბთ იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყოს დაცული. თუ საჭირო იქნება მობილიზება, ეს ასე იქნება, თუმცა რაიმე სახის პროვოკაციებს ამ ეტაპზე არ ველოდებით“, - განაცხადა ცაციაშვილმა.


close დახურვა