logo
ENG



გოცირიძე: ივანიშვილს მოუწევს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და რურუას გათავისუფლება

28 ივნ 202017:36
3 წუთის საკითხავი
clock 878

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მმართველი გუნდის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

დეპუტატი ფიქრობს, რომ ივანიშვილის ცვლილებების მიღება მოუწევს, რადგან,  წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ფინანსური სანქციები ემუქრება.

"საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება/არმიღება დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე. თუ უნდა ჩააგდებს. 27-ვე რომ შევიდეთ, 28-ეს მოძებნის თავის მორჩილ დეპუტატებში და წინააღმდეგ მიაცემინებს ხმას, თუმცა ეს უფრო მეტი პოლიტიკური ფასი დაუჯდება. ივანიშვილს არ აქვს ახლა ამის არც ძალა და არც რესურსი. სად აქვს ძალა, უკვე ნახევარი წელი ვერ ჩნდება ხალხთან. ყელზე გამოკრეს მახვილივით დადებული ნაჯახი მის ფინანსურ იმპერიას. მას მოუწევს ცვლილებების მიღება. მოუწევს რურუას გათავისუფლება“, - განაცხადა გოცირიძემ. 

8 მარტის შეთანხმების თანახმად, საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე უნდა იმსჯელონ. კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, 8 მარტს შედგა.

მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტპატიმრები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, თუმცა გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. 


close დახურვა