logo

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიცია და მესამე სექტორი ვერ შეძლებენ დაამტკიცონ, რომ კანონი ანტიკონსტიტუციურია

clock 23 მაი 202014:28

დღეს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი კანონი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. მისივე თქმით, ოპოზიცია და მესამე სექტორის წარმომადგენლები ვერ შეძლებენ დაამტკიცონ, რომ ამ კანონში რაიმე ანტიკონსტიტუციურია. 

„პარლამენტი, მოგეხსენებათ, რომ არ მართავს ქვეყანას. ქვეყანას მართავს პარლამენტის მიერ დანიშნული მთავრობა ნებისმიერი მიმართულებით. პარლამენტი განსაზღვრავს პოლიტიკას, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლება იმიტომ ჰქვია მთავრობას, რომ ის აღასრულებს და პარლამენტი არ ერევა მის ფუნქციებში.

პარლამენტს აქვს ძალიან ბევრი ბერკეტი, ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობის მიერ შესაძლო არასწორი ნაბიჯები შეაჩეროს. ამიტომ, ეს იყო მხოლოდ სპეკულაცია. ვერცერთი არჩევანი ვერ შემოგვთავაზა ოპოზიციამ. მე არ მგონია საიამ წარმოადგინოს ისეთი ტიპის არგუმენტი, რომელიც იქნება წინააღმდეგი ფუნდამენტური უფლებების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

„კანონი არღვევს კონსტიტუციურ ბალანსს ხელისუფლების შტოებს შორის“, - ასეთია არასამთავრობო სექტორის შეფასება, ცვლილებებზე, რომლებიც  საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შევიდა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შეზღუდვების დაწესების უფლებას ანიჭებს.

„საიას“ სარჩელი უკვე მზად აქვს და მას საკონსტიტუციო სასამართლოს ორშაბათს წარუდგენს. სარჩელი კონსტიტუციის ორ მუხლს შეეხება. საუბარია გადაადგილებისა და შრომის თავისუფლების შეზღუდვაზე.

პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას აძლევს, მხარი დაუჭირა - მისი მოქმედების ვადა 15 ივლისამდე განისაზღვრა.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა