logo
ENG



დაკავება, ფულადი ჯარიმა და ა.შ. - კარანტინის დარღვევის საფასური

31 მარ 202019:13
3 წუთის საკითხავი
clock 2109
vgq2dbyt3bzzvsp.jpg

ქვეყანა კორონავირუსსა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების სიმცირეს ებრძვის. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე, 300-ზე მეტმა პირმა დაარღვია თვითიზოლაცია, 100-ზე მეტი პირი დააჯარიმეს კარანტინის რეჟიმის ან 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში დაწყებულია ვირუსის შიდა გადაცემა და არ არსებობს სწრაფი ტესტების საჭირო რაოდენობა.

სწორედ შიდა გადაცემის დროს ხდება სიტუაცია უკონტროლო. მსგავსი სცენარი განვითარდა იტალიაში.  მოქალაქეები რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდნენ - იკრიბებოდნენ მეგობრებთან, რესტორანში და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში. შედეგად, იტალია კორონავირუსით ინფიცირებულთა სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზე გადავიდა.

საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, ქვეყანაში კომენდანტის საათი დაწესდა და მთავრობამ „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა, სადაც გაწერილია კარანტინის დამრღვევი პირებისთვის არსებული სანქციები და ჯარიმები.

მუხლი 7:

1. მოქალაქეებს კომენდანტის საათის დროს აკრძალული აქვთ ოფიციალურად გაცემული საშვებისა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იყვნენ ქუჩებში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, გამოვიდნენ თავიანთი ბინის ფარგლებს გარეთ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის დამრღვევ პირებს დააკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო ვისაც თან დოკუმენტები არა აქვს, მათი პიროვნების დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა; დაკავებულნი შეიძლება პირადად გაისინჯონ, აგრეთვე გაუსინჯონ ნივთები.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

აღსანიშნავია, რომ ჯარიმები და განმეორებით შემთხვევაში კანონის დარღვევაზე თავისუფლების აღკვეთა ვრცელდება 70 წელს გადაცილებულ პირებზეც, რომელთაც საყოველთაო კარანტინის პერიოდში სახლიდან გასვლა საერთოდ ეკრძალებათ, გარდა მათ მიერ სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის, აგრეთვე სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული პროდუქტის შეძენის მიზნით საცხოვრებელი ადგილის დატოვებისა.

იხილეთ შეზღუდვები, რომელიც კომენდანტის საათის გამოცხადების შედეგად მთელს ქვეყნაში დაწესდა.

კომენდანტის საათი დღეს 21:00 საათიდან ამოქმედდება. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე იკრძალება, როგორც ქალაქებში, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება.


close დახურვა