logo

დასავლეთი თუ ჩრდილოეთი - ანაკლიის პორტი, როგორც ქართული ოცნების პოლიტიკური კომპასი

13 მაი 202020:21
3 წუთის საკითხავი
clock 0 clock 516
dji20ilwqjm9es0.jpg

პანდემიის დროს კიდევ უფრო მეტად დაპაუზებული და გაჩერებული ანაკლიის პორტის საკითხი გუშინ, 12 მაისს, კვლავ აქტუალური გახდა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც კონსორციუმი მზადაა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები და გააგრძელოს სამუშაოები.

„საქართველო, თბილისი - კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის პირობებში, როდესაც საქართველოს მთელი მოსახლეობის ყურადღება ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისკენ არის მიპყრობილი, პირველ რიგში იკვეთება ეკონომიკის გაძლიერების ორი ძირითადი ფაქტორი - უცხოური ინვესტიციები და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. საბედნიეროდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ აქამდე გაწეული ინვესტიციები და ჩატარებული სამუშაოები აძლევს მას იმის საშუალებას, რომ იყოს სახელმწიფოსთვის ყველაზე ეფექტური პარტნიორი ანაკლიაში სამუშაოების სასწრაფოდ განახლების მიმართულებით და ამით მიღწეული იქნას საერთო მიზანი, რომ სწრაფად შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყნის ეკომონიკა გამოვიდეს კრიზისიდან",-ნათქვამია განცხადებაში. 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელის ლევან ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ  კორონავირუსისგან გამოწვეული გლობალური კრიზისის შედეგად მოსალოდნელი შედეგებთან გამკლავებისთვის პროექტი ქვეყნისთვის დადებითი პირდაპირი თუ ირიბი ეფექტის მოტანა შეუძლია. 

„კრიზისიდან ეფექტური გამოსვლის ალტერნატივა არის ანაკლიის პროექტის განხორციელება და ეკონომიკური ზონის იდეის განხორციელება. ანაკლიის კონსორციუმი არის ყველაზე ხელსაყრელი პარტნიორი მთავრობისთვის და ვუცხადებთ მთავრობას, რომ გადაიდოს პირადი ინტერესები გვერდზე", - აცხადებს კონსორციუმი დირექტორი, ლევან ახვლედიანი.

განცხადებაში ასევე ციფრებშია აღნიშნული ყველა ის მოსალოდნელი შედეგი, რასაც პროექტის განხორციელების შემთხვევაში ქვეყანა მიიღებს. თუმცა, კოსორციუმის მორიგ შეთავაზებაზე კონკრეტული და ოფიციალური კომენტარი ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია. მანამდე კი "ფორმულა" შეეცადა შეეკრიბა პროექტის შესახებ ყველა დეტალი:

დავიწყებთ სულ თავიდან და გეტყვით, რომ ანაკლიის პორტს დარგის სპეციალისტები საქართველოს გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების გარანტორად აფასებენ. 

პორტის პროექტი, რომლის მშენებლობაზეც საუბარი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროიდან დაიწყო, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას „ლაზიკა“ დაერქვა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში კი 21-ე საუკუნის პროექტი ეწოდა, გაურკვეველი დროით შეჩერდა.

მთავარი მიზეზი მისი პოლიტიკური ფასი გახდა. ექსპერტების თქმით, ეკონომიკური სარგებლიანობის გარდა, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, პორტის პოლიტიკური დატვირთვაა. თუმცა, სანამ ამ ნაწილზე გადავალთ, პირველ რიგში, ანაკლიის პროექტის მნიშვნელობას უნდა გაესვას ხაზი.

ანაკლიის პროექტზე საუბრისას ექსპრეტი გია ხუხაშვილი 3 მნიშვნელოვან ასპექტს გამოყოფს. პირველი - საპორტო მომსახურების განვითარება; მეორე- საკონტეინერო გადაზიდვები და მესამე - ძლიერი ლოგისტიკური ცენტრი, თავისი მინი საწარმო ზონით. აღნიშნული არამხოლოდ სატრანსპორტო მომსახურების, არამედ დამატებითი სერვისების შესაძლებლობასაც იძლევა. ამ ტიპის ზონები კი დასავლეთის გარდა, აუცილებლად დააინტერესებს ისეთ ინვესტორს, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ა.შ. ხუხაშვილის თქმით, ეს სამივე ფაქტორი ქვეყანაში იძლევა სტაბილური და დამოუკიდებელი ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობას. თუმცა, მთავარ და ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას ანაკლიის პორტის პოლიტიკურ დატვირთვაში ხედავს.

„შავ ზღვაში არაორდინალური ვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ აუზში ნატო-ს სამი ქვეყანაა, ფაქტობრივად, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მაინც დაუცველია, რადგან არეალში რუსეთი დომინირებს. შესაბამისად, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოება ნატო-სთვის მნიშვნელოვანია. ამ კუთხით შეიძლება ანაკლია გამხადარიყო ძალიან საინტერესო. ზუსტად ამის გამო, რუსეთი ეკონომიკურად დაინტერესებული არაა, რომ საქართველოში ამ ტიპის პროექტი განხორციელდეს. ასე რომ ეს ყველაფერი უფრო დასავლეთსა და ჩრდილოეთს შორის ინტერესთა კონფლიქტია, ამიტომ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“,-აღნიშნავს ხუხაშვილი.

ჩრდილოეთისთვის რომ ანაკლიის პორტი საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციას შექმნის, ამას ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB-Georgia-ს დამფუძნებელი ვასო ურუშაძეც აღნიშნავს და საკუთარ მოსაზრებას კონკრეტული არგუმენტებით ამყარებს. როგორც ის „ფორმულასთან“ ჰყვება, იძულების წესით დღეს ცივილიზებული სამყარო დგას იმ რეალობის წინაშე, რომ სახმელეთო ტვირთების 99 %-ს რუსეთი ემსახურება. მონოპოლიზმის დარღვევა კი ჩრდილოეთს არ სურს. რუსეთის გარდა, არსებობს სხვა ალტერნატიული დერეფანიც, სირიისა და მიმდებარე ქვეყნების სახით, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიებზე  ჩრდილოეთი აქტიურად ცდილობს კონფლიქტი არ დასრულდეს. ამ რეალობაში რჩება საქართველო, სადაც ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ხელიშემშლელია, მით უმეტეს ანაკლიის პორტი, რადგან ფოთისა და ბათუმისგან განსხვავებით, მას დიდი ზომისა და მასშტაბის გემების მიღება შეეძლება.

9

„ყველაფერთან ერთად რუსეთი კიდევ უფრო მეტად აძლიერებს თავის პოზიციებს. აქ იგულისხმება, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის ალტერნატივა რუსეთის გავლით , ანუ „ნოვირისკის“ საზღვაო პორტი და „ტამანის“ პორტი, რომელიც ახლა შენდება. ასევე ერთ-ერთი სანაოსნო არხი, რომელიც შავ ზღვას უკავშირებს კასპიის ზღვას და ესაა ვოლგადონის არხი, რომლის სიმძლავრეებიც ამ მოცემულობაში დაბალია და რუსეთმა უკვე დაიწყო ალტერნატიული სანაოსნო არხის მშენებლობაც, რომელსაც „ევრაზია“ დაარქვა. ეს უაკანასკნელი გახლავთ საქართველოს შემოვლითი გზა. მიუხედავად ასეთი მონოპოლიზმისა, ანაკლიის პორტი ჩრდილოეთისთვის სერიოზული მუხრუჭია, რადგან საქართველოს ინტერესებს იზიარებს მთელი საერთაშორისო ასპარეზი და ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა“,-აცხადებს ურუშაძე.

ზუსტად ამ რეალობისა და ანაკლიის პორტის მაღალი პოლიტიკური ფასის გამო, დარგის სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ის დააპაუზა. ამიტომ მთავარი შეკითხვა ასეთია:

-გახდება თუ არა საქართველო ეკონომიკურად დამოუკიდებელი რეგიონული ჰაბი, პარალელურად კი რეგიონში გაძლიერდება ნატო-ს უსაფრთხოება, თუ რუსეთი ქვეყნებისთვის კვლავ ერთადერთი მიმწოდებელი წყარო დარჩება?! - პასუხი, ჯერჯერობით, ბუნდოვანია. ექსპერტების შეფასებით, პროცესების შემდგომი განვითარების ერთ-ერთი მთავარი საზომი 2020-ის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გახდება.

„ხელისუფლება პირველ ეტაპზე, როგორც ჩანს ვერ ხვდებოდა, რომ პროექტს ასეთი მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ჰქონოდა, მაგრამ პროცესში როცა დაინახეს მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური დატვირთვა, გადაწყვიტა მასზე კონტროლის აღება. ეს ინტერესი პრინციპში გაატარეს კიდეც, როცა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ჩამოაშორეს და ახლა მეორე ეტაპის ჯერი დადგა - ვაჭრობა. უფრო ზუსტად, არსებობს ერთი მხარე, როცა მას აინტერესებს პროექტის განხორციელება და მეორე, ვინც ჩაშლას ითხოვს.  ამ სიტუაციაში შენ, ვისაც კონტროლი გაქვს აღებული, ეკონომიკურად მომგებიან ვითარებაში ხარ. ვინც მეტს იხდის, პროექტსაც მას მიყიდი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილს აბსოლუტური კონტროლი როგორც ჩანს ჯერ ვერ აუღია, რადგან ფაქტია, ეს საქმე სადავო გახდება საერთაშორისო ასპარესზე. ამიტომ აშკარაა, რომ არჩევნებამდე არაფერი სერიოზული მოძრაობა არ დაიწყება. რადგან დღეს მთავრობის მთავარი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა, რომელი მხარეც ამის გარანტიას მისცემს, ვაჭრობაშიც ის მოიგებს“,-ამბობს ხუხაშვილი.

ხუხაშვილის მოლოდინი დავის გაგრძელების შესახებ საერთაშორისო ასპარესზე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა უკვე დაადასტურა.

„თუ ჩვენს შორის რაიმე შეთანხმება ვერ მოხდა, საქმის განხილვა საერთაშორისო ასპარესზე გადაინაცვლებს. არ მჯერა ხელისუფლების განცხადებების, რომ ისინი ტენდერს ჩაატარებენ და ახალ ინვესტორს მოიყვანენ. სანამ ეს საქმე დავაშია, არც ერთი მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორი პროექტით არ დაინტერესდება. რაც შეეხება პროექტის ჩაშლის მიზეზებს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იყო გეოპოლიტიკა, რაც ბუნებრივია, რადგან რუსეთს ნამდვილად არ აწყობს ეკონომიკურად გამართული და დამოუკიდებელი საქართველო, თუ სუბიექტური კონფლიქტი ივანიშვილსა და ხაზარაძეს შორის, აქ ჩანს ის, რომ მთავრობას არ აქვს მოტივაცია პროექტი განხორციელდეს. წინააღმდეგ შემთხევაში, აქამდე რაიმე შეთანხმება შედგებოდა“,-ამბობს ლევან ახვლედიანი.

დავა რომ გაგრძელდება, ეს მედიასთან „კონსორციუმის“ თავდაპირველმა დამფუძნებელმა და ამჟამად პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც აღნიშნა:

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა კანონიერ გზას, რომ დავიცვათ ამ პროექტში ჩადებული უცხოური ინვესტიციები... გვინდა ავიცილოთ არბიტრაჟი იმიტომ, რომ ეს დააზიანებს ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ავიცილოთ არბიტრაჟი, თორემ არბიტრაჟისთვის ვართ ძალიან სერიოზულად მზად და ყველა ის პირი, ვინც ამ პროექტს ხელი შეუშალა, აგებს პასუხს”, – განმარტა ხაზარაძემ.

ამ ყველაფრის ფონზე თავად მმართველი ძალის პოზიცია ყველასთვის ცნობილია. ოფიციალურად ხელისუფლება პროექტის განხორციელებას მხარს უჭერს:

„რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი აშენდება, ეს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია და არაფერი შეუშლის ხელს... გაცხადებული გვაქვს, რომ ძალიან მალე დავიწყებთ ახალი ტენდერის პროცედურებს. ვფიქრობთ, აღნიშნული ტენდერი წარმატებული იქნება. დიდი იმედი გვაქვს, ძალიან მალე გამოჩნდება სხვა კომპანია გამჭვირვალე ტენდერის შედეგად“,-აღნიშნა ნათია თურნავამ.

მიუხედავად ხელისუფლების განცხადებებისა, ჯერჯერობით არც ტენდერის გამოცხადების ვადები დაანონსებულა და ანაკლიის პროექტზე არც ახალი კომენტარები გაკეთებულა.

სანამ დავა გრძელდება, პორტი არ შენდება, ეკონომიკა ციფრებში ზარალდება და რუსეთი რეგიონში ძლიერდება, მანამდე გეტყით, რომ ოფიციალურად საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც დღემდე არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი.

შავი ზღვის აკვატორიაში კი შემდეგი ღრმაწყლოვანი პორტები ფუნქციონირებს:  რუმინეთის „კონსტანცა“, ბულგარეთის „ბურგასი“, უკრაინის „ოდესა“, „ილიჩევსკი“ და „იუჟნი“, თურქეთის „ერდერიმი“ და „რიზე“, რუსეთის „ტუაფე“ და ნოვორასიისკი“,  ასევე, ჯერ კიდევ ბოლომდე დაუსრულებელი „ტამანი“ და „ევრაზია“.

შედეგება თუ არა მხარეეს შორის შეთანხმება, რა პოზიცია ექნება ხელისუფლებას და როგორი იქნება პოლიტიკური ნება, გაგრძელდება თუ არა დავა საერთაშორისო ასპარესსზე და ისედაც დაპაუზებული პროექტი კვლავ განაგრძობს თუ არა უმოქმედობას ? - "საუკუნოვანი პროექტის" ბედი კვლავ უცნობია. 






 



close დახურვა