logo
ENG



დეგნანი: ცხადია, არსებობს დიდი ინტერესი საქართველოში ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით

28 ივლ 202020:48
3 წუთის საკითხავი
clock 301
დეგნანი: ცხადია, არსებობს დიდი ინტერესი საქართველოში ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით

„ყოველთვის ძალიან პოზიტიური და სასარგებლოა, როდესაც ჩვენი ლიდერები საუბრობენ. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის ძალიან ფართო დღის წესრიგი არსებობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ეს საუბრები რეგულარულად, როგორც ამას ვაკეთებთ სხვადასხვა არხის მეშვეობით“,-ასე ეხმაურება საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ მინისტრს შორის სატელეფონო საუბარს.

როგორც დეგნანი აცხადებს, საქართველოში 2020 წლის არჩევნების მიმართ დიდი ინტერესი არსებობს. მისი თქმით, ეს არჩევნები საქართველოს შესაძლებლობას აძლევს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების მიმართ საკუთარი ერთგულების დემონსტრირება მოახდინოს.

„ცხადია არსებობს დიდი ინტერესი და ყურადღება საქართველოში ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების მიმართ საკუთარი ერთგულების დემონსტრირება მოახდინოს. თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, თავისუფალი ხმების მოსყიდვისგან და ამომრჩევლის დაშინებისგან, არის საუკეთესო გზა საქართველოს მიერ დემოკრატიული პროგრესის მიმართ ერთგულების საჩვენებლად“,-განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო 

საუბარი 27 ივლისს შედგა. საუბარი შეეხო მათ შორის მართლმსაჯულების სისტემას, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და დეოკუპაციის პოლიტიკას. სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შემდგომი ნაბიჯების გადადგმისკენ და გააფრთხილა ხელისუფლება სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზებაზე.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული საუბრის შესახებ საქართველოს მთავრობისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებში აქცენტები მნიშვნელოვნად აცდენილია. მთავრობის ხელმძღვანელობის განცხადებებში არსადაა საუბარი პომპეოს იმ გაფრთხილებაზე, რომელიც ოქტომბრის არჩევნებისა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზებას ეხება, რასაც თავად სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ.   

რას წერს სახელმწიფო დეპარტამენტი და თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა, წაიკითხეთ აქ.

 

 


close დახურვა